LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რასისტული მოტივის იდენტიფიცირება უცხოელ სტუნდენტებზე თავდასხმის საქმეში მნიშვნელოვანია – NGO

132

არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოელ სტუდენტებზე მომხდარ თავდასხმაში მონაწილე პირების დროულად დასჯას ითხოვენ და საქმის გადაკვალიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

“უკიდურესად შემაშფოთებელია 8 აპრილის საღამოს დიღმის მასივში შავკანიან სტუდენტებზე თავდასხმის ფაქტი. გავრცელებულ კადრებში ჩანს თავდამსხმელთა რასისტული განცხადებები და მოტივები. ეს ინციდენტი ბოლო პერიოდში გამოვლენილ შეუწყნარებლობის საფუძველზე ჩადენილ სხვა დანაშაულებთან ერთად, სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული და სისტემური ანტიდისიკრიმინაციული პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს,”- აღნიშნულია განცხადებაში.

არასამთავრობო სექტორში მიიჩნევენ, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა სტუდენტებს მომხდარის დავიწყება ურჩიეს და სამართლებრივი რეაგირება მომხდარზე არ მოუხდენიათ.

განცახდებაში ასევე აღნიშნულია, რომ ამ ეტაპზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით არის დაწყებული (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), თუმცა, გამოძიების მიერ არ არის გამოკვეთილი რასის საფუძველზე შეუწყნარებლობის მოტივი, რომელსაც მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი საგანგებოდ უსვამს ხაზს (სსკ-ის 53 პრიმა მუხლი) და დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ დანაშაულად განიხილავს.

“მოვუწოდებთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს: 

1. მიიღოს ადეკვატური და დროული ზომები 8 აპრილის ინციდენტთან დაკავშირებით და სათანადოდ დასაჯოს დამნაშავე პირები. ამ კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დანაშულის რასისტული მოტივის იდენტიფიცირება;

2. სათანადოდ შეისწავლოს პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოვლენილი სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტი და უზრუნველყოს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებისთვის მსგავსი ინციდენტების დროს მოქმედების სწორი ინსტრუქციის მიცემა;

3. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ეფექტიანი პრევენციის, გამოძიებისა და მსხვერპლების დაცვისთვის დროულად გაატაროს ყოვლისმომცველი პოლიტიკა, რომელიც პოლიციის თანამშრომლების გადამზადებასთან ერთად, მსგავსი დანაშაულების სისტემური მიზეზების ანალიზს და კომპლექსური პრევენციული სამუშაოების განხორციელებას გულისხმობს.

საქართველოს პროკურატურას:

1. შეისწავლოს და რეგაირება მოახდინოს პოლიციის თანამშრომლების მიერ განხორციელებულ სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე.

საქართველოს მთავრობას: 

1. უზრუნველყოს საჯარო სამსახურში, ასევე განათლების სისტემაში ყოვლისმომცველი ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება, რომელიც მათ შორის, მოიცავს კომპლექსურ საგანმანათლებლო მუშაობას რასიზმის, ქსენოფობიის, ჰომოფობიის, ეთნოცენტრიზმის აღმოსაფხვრელად;

2. შეისწავლოს ის სისტემური მიზეზები, რომელიც დისკრიმინაციულ დანაშაულებსა და დამოკიდებულებებს განაპირობებს საზოგადოებაში და კომპლექსური მიდგომებით უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა,”_ აღნიშნულია განცახდებაში, რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS) , ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) , მედიის განვითარების ფონდი (MDF) , ფონდი ღია საზოგადოება- საქართველო (OSGF) , სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) , კავშირი საფარი 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია , თანასწორობის მოძრაობა , შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო , დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)