2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას მერობის კანდიდატობად დასახელებას ექსპერტ გია ხუხაშვილის პროგნოზი უკვე მოჰყვა „ჯერ არნახული ობგუნუჯუ არჩევნები იქნება…“დაწერა ფეისბუქზე.
კვლევების მიხედვით მთავარი პაექრობა მოქმედ მერს კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას შორის გაიმართება.
თუმცა არიან სხვა კანდიდატები, რომლებიც ასევე დარწმუნებული არიან თავიანთ გამარჯვებში.
დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის ბევრი საინტერესო კანდიდატია, თუმცა დღეს „ფორტუნამ “ გადაწყვიტა ქალ კანდიდატებზე შეეჩერებინა თქვენი ყურადღება.
დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი ისტორიის პერიოდში დედაქალაქის მერობის სურვილი რამდენჯერმე უკვე გამოთქვეს ქალმა კანდიდატებმაც, მაგრამ თბილისის მოსახლეობამ ყოველ ჯერზე მამაკაცებზე შეაჩერა არჩევანი.
2021 წელს დედაქალაქის მერობის სურვილი გამოთქვა ანა დოლიძემ.
ანა დოლიძე პროფესიით იურისტია. პოლიტიკურ საქმიანობაში წლების წინ ჩაერთო.
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა მერობის კანდიდატობაზე საკუთარი კანდიდატურა 14 აგვისტოს ოფიციალურად დააყენა.
თავის გამოსვლაში ანა დოლიძემ ყურადღება მწვანე საჯარო სივრცეების ნაკლებობაზე და ქაოტურ მშენებლობაზე გაამახვილა.
„როდესაც პატარა ვიყავი, თბილისს ჰქონდა ეზოები, რომლებიც სავსე იყო დედებისა და მამების შეძახილებით „ამოდი სახლში“. დღეს, იმიტომ, რომ არ გვაქვს საჯარო სივრცე, იმიტომ, რომ არ გვაქვს სტადიონები და ჩვენი ქუჩები არ არის უსაფრთხო, იმიტომ, რომ ჩვენი ქუჩები სავსეა ნარკომანიით და ლუდომანიით, აღარ გვაქვს ისეთი სივრცეები, სადაც მშობლები უსაფრთხოდ გაუშვებენ შვილებს.
ეს ქალაქი დღეს არ არის ხალხისთვის“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მერობის თანამდებობაზე ქალი კანდიდატი წარადგინა პარტია „ლელომ“
„ლელომ“ მანდატი ანა ბიბილაშვილს მისცა.
„თბილისს აკლია საქმეზე ორიენტირება, „ლელოს“ კი ყოველთვის გვაქვს გამოსავალი – ჩვენ „თბილისის მარშალის“ არაჩვეულებრივი გეგმა გვაქვს“,- აცხადებს ანა ბიბილაშვილი.
ანას ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, სპეციალობა – არქიტექტურა.
ამბობს, რომ „თბილისის დაბეტონების ტენდენცია უნდა შეჩერდეს“ და რომ „ყველაფერი, რაც იქმნება ქალაქში, უნდა ემსახურებოდეს ქალაქს“.
ქალ კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი „მესამე ძალამაც“
„მესამე ძალის“ მხრიდან თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძე იქნება.
„თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით“, – განაცხადა გუნდის კანდიდატის წარდგენისას გიორგი ვაშაძემ.
2021 წელს თბილისის მერობის მსურველი კიდევ ერთი ქალი კანდიდატი ქეთევან ნაკაშიძეა.
ცესკოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ქეთევან ნაკაშიძე, კანდიდატად საარჩევნო სუბიექტმა “მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის” დაასახელა.
ქეთევან ნაკაშიძის საჯარო წარდგენა არ გვინახავს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაშიც მისი რეგისტრაცია ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მოხდა.
საკრებულოს თავმჯდომარეობაზე კი განაცხადი ქალი კანდიდატებიდან მხოლოდ ელენე ხოშტარიამ გააკეთა.
ელენე ხოშტარია საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად ოპოზიციის ერთმა ნაწილმა დაასახელა.
უნდა აღინიშნოს, რომ ელენე ხოშტარია რამდენიმე წლის წინ დედაქალაქის მერობის კანდიდატო იყო. 2017 წელს, როდესაც „ბაქრაძე, უგულავა „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო, დედაქალაქის მოსახლეობის უმეტესობამ მას მხარი არ დაუჭირა.
დედაქალაქის მერი ვერ გახდა, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საკრებულოს თავმჯდომარეობის მანდატს აუცილებლად მიიღებს მოსახლეობისგან…
ძნელი სათქმელია, რამდენად არის შანსი, რომ თბილისური ტრადიცია დაირღვეს და დედაქალაქის მართვა ქალმა ითავოს…
საბოლოო გადაწყვეტილებას მოსახლეობა 2 ოქტომბერს მიიღებს.