LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მესამე ძალის” თბილისის მერობის კანდიდატი თამარ კეკენაძეა – საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სერგო ჩიხლაძე

50
fortuna.ge (18)

“მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ თბილისის მერობის კანდიდატი  ცნობილია.

მესამე ძალიდან  დედაქალაქის მერობისთვის თამარ კეკენაძე იბრძოლებს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი სერგო ჩიხლაძე იქნება. კანდიდატები გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ღონისძიებაზე წარადგინა.

„თბილისის მერობის კანდიდატი „მესამე ძალის მხრიდან“ არის თამარ კეკენაძე. თამარ კეკენაძე არის თბილისში დაბადებული და გაზრდილი, ფართო გამოცდილების მქონე როგორც საქართველოში, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ, პროექტების მართვის და ხელმძღვანელობის თვალსაზრისით.

ის წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოსა და ნატოს შორის თავდაცვისა და სამხედრო სფეროში არსებულ თანამშრომლობის პროცესს, როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ასევე ნატო-ში საქართველოს მისიაში.

მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ქართულ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებში მუშაობის. მთელი მისი პროფესიული საქმიანობა ყოველთვის მიმართული იყო საქართველოსკენ, საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ და იმ უამრავი პრობლემის დამარცხებისკენ, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. თამარ კეკენაძე არის პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე და მადლობა მას, რომ ამ საპასუხისმგებლო ბრძოლაში პირადად შედის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

შეგახსენებთ, „ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობისთვის კახა კალაძე იბრძვის, ოპოზიციის კანდიდატი კი ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიაა.

გუშინ ცნობილო გახდა, რომ თბილისის მერობისთვის ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარიაც იბრძოლებს.

ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ გაიმარჯვებს, ხოლო კალაძე და გახარია პირველ და მეორე ადგილებს გაინაწილებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები