„ქართულ ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, ავთანდილ თალაკვაძის განცხადებით, აბსურდი და ტყუილია, რომ მისი შტაბის წევრები ვინმეზე ზეწოლას ახდენენ. მისივე თქმით, სიმართლე არის ის, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატის, გია ცეცხლაძის წინასაარჩევნო კამპანია წარუმატებელია.
„ოზურგეთში დღემდე არ იციან რა არის მისი საარჩევნო პროგრამა – როგორც ჩანს, შტაბი ეშლებათ და ამის გადმობრალებას ჩვენზე ცდილობენ,“ – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პარტიას „საქართველოსთვის“ საზოგადოება თავიდანვე შეცდომაში შეჰყავდა და ხმებს ავრცელებდა, თითქოს „ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებით მოქმედებს.
„დღეს, როცა სიმართლე ბევრმა გაიგო, გასაკვირი არ არის, რომ უარს ეუბნებიან მხარდაჭერაზე. გახარიას პარტია ოზურგეთში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხმებს და მომხრეებს ეპოტინება,“ – განაცხადა ავთანდილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა, გია ცეცხლაძემ ძმები თალაკვაძეები ზეწოლაში დაადანაშაულა.