ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განაცხადა, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდა და სწავლის გაგრძელების უფლება 29 362 აბიტურიენტმა მოიპოვა.
მისივე თქმით, ჯამში, 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, საიდანაც სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა, 4 224 აბიტურიენტი კი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე გააგრძელებს სწავლას.
„ვულოცავ თითოეულ მათგანს და საინტერესო, წარმატებულ და პროდუქტიულ სტუდენტობას ვუსურვებ. აქვე შევახსენებ მათ, რომ შემდეგი კვირიდან აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას, სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება, რათა საბოლოოდ ჩაირიცხონ ამ სასწავლებელში.
2021 წელს რეგისტრირებულ აპლიკანტთა 76% გახდა სტუდენტი. ეს პროცენტული მაჩვენებელი თითქმის ემთხვევა გასული წლის მაჩვენებელს (75%). პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩარიცხულთა რაოდენობა არ შემცირებულა.
რაც შეეხება სახელმწიფო დაფინანსებას, ჯამში 10 769 აბიტურიენტი დაფინანსდა, აქედან სახელმწიფო გრანტი 6 545 გამოსაცდელმა მოიპოვა: 100%-იანი გრანტი მიიღო 1 011 აბიტურიენტმა, 70%-იანი – 1 454, 50%-იანი გრანტი კი – 4 080 აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უფასო ფაკულტეტებზე 4 224 აბიტურიენტი გააგრძელებს სწავლას,“ – განაცხადა გორგოძემ.
მისივე განმარტებით, აბიტურიენტთა პირველი არჩევანის მიხედვით, სხვა წლების მსგავსად, სამართალი, ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგია და ჯანდაცვის მიმართულება ლიდერობს. როგორც გორგოძემ დასძინა, წელს გამოიკვეთა განსხვავებული ტენდენციაც: მოთხოვნად მიმართულებებს შორის ასევე შეიძლება აღინიშნოს გრაფიკული დიზაინი, საშემსრულებლო-შემოქმედებითი ხელოვნება, ვეტერინარია, კომპიუტერული მეცნიერებები.
მისივე თქმით, გაიზარდა ქართული ენის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა რაოდენობა, სადაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ჯერ ქართულ ენას ეუფლებიან და შემდგომ კონკრეტული მიმართულებით სწავლას აგრძელებენ.
„შარშანდელთან შედარებით წელს ამ პროგრამებზე დაახლოებით 300 აბიტურიენტით მეტმა მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. 2021 წელს გამოცდების ჩატარების პროცესი პანდემიის გამო ყველაზე ხანგრძლივი იყო, რადგან კოვიდის დიაგნოზით გამოცდაზე არგამოცხადებულ აპლიკანტს ჰქონოდა შესაძლებლობა გამოჯანმრთელების შემდეგ ჩართულიყო ამ პროცესში.
გახანგრძლივებული საგამოცდო პროცესის მიუხედავად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შედეგების საბოლოო გამოცხადება არ დაგვიანებულიყო, რაც ხელს შეუშლიდა სწავლის დროულად დაწყებას. წლევანდელმა წელმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, თუ როგორი პასუხისმგებლობითა და სამოქალაქო შეგნებით გამოირჩეოდა გამოცდების თითოეული მონაწილე.
სწორედ ამგვარი დამოკიდებულებისა და საგამოცდო პროცესში ჩართული თითოეული თანამშრომლის დამსახურებაა ის, რომ ასეთ ვითარებაში გამოცდები სრულიად უსაფრთხოდ წარიმართა. ცენტრის თითოეულ თანამშრომელს მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო.
აქვე მინდა გულწრფელი მადლობა ვუთხრა ყველა იმ უწყებას, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში გამოცდების ჩატარების პროცესში გვეხმარებოდნენ. თითოეულის დახმარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რათა დაგვეძლია პანდემიიდან გამოწვეული სირთულეები“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.