საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს.
როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველოს მთავრობა აპირებს ინიციატივების განხორციელებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობის ჰუმანიტარული და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშესახები სარგებლის მიღების, გამყოფი ხაზების გასწვრივ კონტაქტების, მიმოსვლისა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობის წასახალისებლად.
„დღეს საქართველოს მთავრობა აკეთებს ღია და ქმედით განაცხადს იმის თაობაზე, რომ სამშვიდობო პოლიტიკის კურსი ურყევია და არსებულ გამოწვევებს უპირისპირდება მშვიდობით, განვითარებით, პრინციპულობით, თანმიმდევრულობითა და კონკრეტული ნაბიჯებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი არის ქმედითი ნაბიჯი შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, რომლის უმთავრესი პრიორიტეტია მშვიდობა, კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის მშენებლობა და იმ მოსახლეობაზე ზრუნვა, რომელიც მოუგვარებელი კონფლიქტის სიმძიმეს წლების განმავლობაში, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ყოველდღიურად განიცდის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი თქმით, სამშვიდობო ინიციატივების საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი სამ ძირითად მიმართულებას გულისხმობს. ესენია: გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის წახალისება, გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით; ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისათვის სხვადასხვა სიკეთეებსა და სარგებელზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, მათ შორის, ამ რეგიონის მცხოვრებთათვის იდენტიფიცირების ახალი ნეიტრალური შესაძლებლობის შექმნით, რაც გულისხმობს პირადი ნომრით რეგისტრაციას და არ არის დაკავშირებული მოქალაქეობის დადგენასთან. ასევე, დაინტერესებულ პირთათვის საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და სამოქალაქო აქტების გაცემის და ცალკეული სამოქალაქო ფაქტების დადგენის გამარტივება.
სამშვიდობო „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ 9 საკანონმდებლო აქტში ცვლილებებს ითვალისწინებს.