LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს მაჭავარიანის ქუჩა ორმხრივად გაიხსნება

105
მაჭავარიანის-ქუჩა

მაჭავარიანის ქუჩაზე არსებულ მეწყრულ ზონაში საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი სრულდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე დასრულდა მაჭავარიანის ქუჩისა და გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის ინფრასტრუქტურული სამუშაოების მთავარი ნაწილიც.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა, მაჭავარიანის ქუჩაზე საგზაო მოძრაობა დღეს, დღის მეორე ნახევრიდან აღდგება.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა გამაგრებითი სამუშაოები, რათა აქ გადაადგილება უსაფრთხო ყოფილიყო. მეწყერულ ზონებთან დაკავშირებული, მსოფლიოში არსებული ყველა მაღალი დონის ტექნოლოგია იქნა გამოყენებული. რაც მთავარია, მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხოა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ამჟამად მოწყობილია ასფალტის საფარის ქვედა ფენები, გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდეგ კი გზის ზედა ფენაც დაიგება. გარდა ამისა, მაჭავარიანის ქუჩაზე უახლოეს მომავალში ლედ განათების სისტემაც დამონტაჟდება.

მიმდინარე სამუშაოები, მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმაც დაათვალიერა. მისი თქმით, აღნიშნულ არეალში გადაადგილება სრულებით უსაფრთხოა.

„მეწყერული პროცესის გააქტიურებისთანავე შევქმენით კომისია, რომელიც დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტდა. დღეს გვქონდა კომისიის გასვლითი შეხვედრა ადგილზე და ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს გზა გადაადგილებისთვის უსაფრთხოა. ყველანაირი გაზომვებით და მონაცემებით, სტაბილური მდგომარეობაა და მეწყერის ტანი აღარ გადაადგილდება“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები