ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, გიორგი გიორგანაშვილს ახალი ბრალი წარედგინა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის მამუკა ჭელიძის განცხადებით გიორგანაშვილს ირაკლი ქორიძესთან ერთად, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისთვის წარუდგინეს ბრალი.
გიორგი გიორგანაშვილის ადვოკატის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი და ქორიძე ბიზნესპარტნიორები იყვნენ.
“ქორიძე და გიორგანაშვილი იყვნენ ბიზნესპარტნიორები, ელექტროსიგარეტების ბიზნესი უნდა დაეწყოთ, ამისთვის კონკრეტული ქმედებები განახორციელეს. ხულორდავასთან მის კავშირზე არაფერი ვიცი. შემოტანაზე სულ იყო პროკურატურის ნარატივი. ხულორდავას საქმე ისევ პროკურატურის მოთხოვნით გამოეყო. ათასობით საქართველოს მოქალაქე იყო იმ დროს თურქეთში. მე პრობლემას ამაში ვერ ვხედავ“,- განაცხადა ადვოკატმა.
დღესვე სასამართლო გიორგანაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.
მსახიობი 23 იანვარს, სასამართლო პროცესზე დიდი ოდენობით ნარკოტიკების მოხმარების მიზნით შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გიორგანაშვილი დარბაზშივე დააკავეს.