LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მამუკა სალუქვაძე – დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მერია გენგეგმას მიიღებს

103

ნამდვილად არის საფიქრალი იმაზე, როგორ განახორციელებს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეთავაზებულ ვარიანტს დედაქალაქის მერია, – ამის შესახებ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ დარჩა შთაბეჭდილება, რომ მერია გენგეგმას მიიღებს. „ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო, მე რასაც ვუსმენდი. ყოველ შემთხვევაში, ეს არ იყო იმ შენიშვნების და შეკითხვების განმეორება, რაც მანამდე იყო. ეს იყო შეკითხვები იმ პრინციპულ საკითხზე, რომელიც მართლაც დასაფიქრებელია. ერთია გენგეგმა მიიღოს მერიამ, ჩვენ შემდეგ პასუხისმგებლობას ვიხსნით და ვაბარებთ მერიას, მაგრამ როგორ განხორციელდება ეს გეგმა, ამაზე ყველაზე დიდი საფიქრალია თბილისის მერიის მხრიდან. ძალიან სიმპტომატური იყო ის, რაც ითქვა. ამ კითხვის სახით დასმული, როგორ განვახორციელოთ 100%-ით ის, რასაც თქვენ გვთავაზობთ. შეიძლება 100%-ით არ განხორციელდეს, არც წინა გენგეგმები განხორციელდა, არც სხვა ქალაქებში და ქვეყნებში განხორციელებულა 100%-ით, მაგრამ მაქსიმუმი რომ მიიღოს ქალაქმა, ყველა ჩვენგანი ელოდება ამას და ის, რომ ხელშეკრულება დამთავრდება, არ ნიშნავს, რომ დაინტერესებული არ ვართ, როგორ განხორციელდება ის, რაც შევიმუშავეთ. ამასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, გვექნება საუბრები”, – განაცხადა სალუქვაძემ.

მისივე თქმით, ჯგუფი მზადაა მერიის შენიშვნები გარკვეულწილად კიდევ გაითვალისწინოს. “მერიის ხელმძღვანელობის მოსვლა ამ შეხვედრაზე მეტყველებს იმაზე, რომ გადმოდგმული ნაბიჯია. როგორც ჩანს, გარკვეული პოზიციების დაახლოება ისევ წავა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ გენგეგმას რაღაც შევმატოთ, მაგრამ ძირითადი მაინც ჩამოყალიბებულია და კარგია. აქედან გამომდინარე, მერიას, რომლისთვისაც ეს არის ძალიან კარგი საჩუქარი, რომელმაც სწორად უნდა განსაზღვროს განაშენიანების შემდგომი პოლიტიკა, ამ გენგეგმაზე უარის თქმა არ უნდა, ეს ვიგრძენი. დღეს გარკვევით ითქვა, რომ ის 5 ეტაპი, რაშიც 2 მილიონი ლარია გადახდილი, კარგია. საუბარია ბოლო ეტაპთან დაკავშირებით, რომელშიც თანხა არ არის გადახდილი, თუმცა, აქ ფულზე არაა ლაპარაკი, აქ საუბარია იმაზე, გვექნება თუ არა გენგეგმა, თუ კიდევ წლების განმავლობაში მოგვიწევს ამ რეალობაში ცხოვრება. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ჩვენთვის იყო ის, რომ მერია უკვე სერიოზულად დაფიქრდა, როგორ განახორციელოს გენგეგმა და მას ჩვენი დახმარება ყველა ვარიანტში დასჭირდება. მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაქვს, რომ გენგეგმას მიიღებენ“, – განაცხადა სალუქვაძემ.

კითხვაზე: თუ არ მიიღებენ გენგეგმას, რას აპირებს „სითი ინსტიტუტ საქართველო“? – სალუქვაძემ განაცხადა : „ნუ გავუსწრებთ მოვლენებს. ბარიკადების აღმართვას არავინ აპირებს, სამართლებრივ ჭრილში გადასვლა შეიძლება. თუმცა, არ მგონია, რომ საკითხი აქამდე მივიდეს. მზა პროდუქტს რომ რამე დაემატოს, ამას სასამართლოები არ სჭირდება“, – განაცხადა სალუქვაძემ.

„თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის“ პროექტის განხილვა ეროვნულ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობდა, რომელსაც თბილისის ვიცე მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილი და თბილისის საკრებულოს ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„სითი ინსტიტუტი საქართველომ“ საზოგადოებას მათ მიერ ჩატარებული სამუშაო კიდევ ერთხელ გააცნო. სპეციალისტებმა ისაუბრეს გენგეგმის პროექტის ძირითად მიმართულებებზე, ქალაქში არსებული პრობლემების გადაწყვეტის გზებსა და იმ შეთავაზებებზე, რომელიც 1200-გვერდიან დოკუმენტშია მოცემული.

გენგეგმაზე მუშაობა 2015 წელს დაიწყო და დოკუმენტის შესაქმნელად მერიის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო. დოკუმენტის 5 ეტაპი უკვე მიღებული და დამტკიცებულია, მე-6 საბოლოო ეტაპზე მერიამ ჯგუფი ერთი და იგივე შენიშვნის სამჯერ გაუთვალისწინებლობისთვის გასული წლის დეკემბერში 140 ათასი ლარით დააჯარიმა და შენიშვნების გამოსასწორებლად 45-დღიანი ვადა მისცა. 26 თებერვლიდან კი, დოკუმენტის საბოლოო ვერსიას თბილისის მერიის მიერ მოწვეული უცხოელი და ქართველი ექსპერტები სწავლობდნენ, თუმცა, როგორც მერიაში აცხადებენ, დოკუმენტზე კითხვები ჯერ კიდევ არსებობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები