პრეზიდენტმა პუტინმა ახლა უნდა გააცნობიეროს, რომ ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთი დამტკბარი ურთიერთობა ვერ ექნება, როგორც ცოტა ხნის წინ იმედოვნებდა, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ და ამერიკის ყოფილმა ელჩმა სამხრეთ კორეაში ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა.
ვერშბოუს განცხადებით, დიპლომატების გაძევება იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის მთავრობა დარწმუნებულია, რუსეთმა ბრიტანეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, რაზეც მკაცრი და დაუყოვნებელი პასუხი იყო გასაცემი.
“ეს იმის მაგალითია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გავაგრძელოთ რუსეთის საქციელთან რეაგირების გარეშე შეგუება. ისინი გაურკვევლობის უკან იმალებიან, ამბობენ, რომ [ქიმიური გაზის შესახებ] არაფერი იციან. მაგრამ ეს მიდგომა მათ სასარგებლოდ აღარ მუშაობს. ამ თავდასხმაზე რუსეთის თითის ანაბეჭდები კარგად ჩანს”, – აღნიშნა ვერშბოუმ.
ადმინისტრაციის მხრიდან ამ უპრეცედენტოდ მკაცრი ნაბიჯის გადადგმის და მოკავშირე ბრიტანეთთან მტკიცე სოლიდარობის გამოჩენის მიუხედავად, ვერშბოუს მიაჩნია, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ნაბიჯებია საჭირო. ვერშბოუს აზრით, პუტინს დღემდე რეალურად არ უგრძვნია ეს ტვირთი უკრაინაში წარმოებული აგრესიის თუ ამერიკის და დასავლეთის სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევის გამო. მისი თქმით, დიპლომატების გაძევება პუტინის გათვლებს, სავარაუდოდ, არ შეცვლის.
„ის, ალბათ, გააგრძელებს რუსი ხალხისთვის საჩვენებლად რუსეთის აუღებელ ციხე-სიმაგრედ წარმოჩენას, რომელიც მტრულად განწყობილი ქვეყნების მიერ არის გარშემორტყმული. თუმცა, საბოლოო ჯამში, მან იცის, რომ რუსეთის ეკონომიკა სუსტია და ის თავს უფლებას ვერ მისცემს ნატოსთან და ევროკავშირთან კონკურენცია დიდხანს გააგრძელოს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ეს ნაბიჯი გარკვეულ დეესკალაციამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა ალექსანდერ ვერშბოუმ.