ფოთის პორტის წარმომადგენლებმა კონფერენციაში სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ მონაწილეობა მიიღეს, – აღნიშნულ ინფორმაციას “ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რიგით მეოთხე ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ფოთის პორტის კომუნიკაციების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელმძღვანელმა მარიკა ნადარაიამ სატრანსპორტო და საპორტო ბიზნესში ქალის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისივე თქმით, წელსაც ფოთის საზღვაო ნავსადგური ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას სახელწოდებით – „ინპორტი“ იწყებს.
„პროექტის მიზანია, ახალგაზრდების მოზიდვა სატრანსპორტო ბიზნესში და მათთვის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების ხელშეწყობა. ჩვენ ანაზღაურებადი სტაჟირების 5 თვიანი პროგრამა გასულ წელს წარმატებით განვახორციელეთ. მასში 14 ახალგაზრდა მონაწილეობდა და მათ შორის, 8 ფოთის საზღვაო ნავსადგურში სხვადასხვა თანამდებობაზე დასაქმდა. წელს პროექტი მაისში დაიწყება“, – განაცხადა მარიკა ნადარაიამ.
ყოველწლიური კონფერენცია სახელწოდებით „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში“ წელს შეცვლილი ფორმატით, კვირეულის სახით ტარდება. ღონისძიების მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. კონფერენციას USAID-ი პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) ფარგლებში და „მეწარმე ქალთა საბჭო“ (WBCG) ერთობლივად მართავს.