ბოლო ორ თვეში საქართველოში მიწისძვრა დღეში რამდენჯერმე ხდება. მიწისძვრის ეპიცენტრი ჯავახეთში, დმანისთან ახლოს სოფელ სამებასთანაა.
რას უკავშირდება ერთსა და იმავე ადგილას მიწისძვრა და რასთან გვაქვს საქმე, ამ კითხვით „ფორტუნამ“ თეა გოდოლაძეს, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის დირექტორს მიმართა.
„საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდით შედარებით ძლიერ მიწისძვრებზე, რასაც მოსახლეობა გრძნობს. ბევრი მიწისძვრა ხდება, რომელსაც მოსახლეობა ვერ გრძნობს და მხოლოდ ჩანაწერები გვაქვს.
სამეცნიერო კუთხით ჩვენთვისაც საინტერესოა, რაც სამებასთან ხდება.
სამებაში მიმდინარე პროცესები ნათელი მაგალითია, საქართველოსა და ზოგადად კავკასიის გოლოგიური კომპლექსურობის და რომ კავკასია არის მსოფლიოში მთათა წარმოშობის აქტიურ ლაბორატორია.
ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ ძალიან საინტერესო პროცესს, რომლის მაგვარიც ცოტაა მსოფლიოში“, – ამბობს გოდოლაძე ჩვენთან საუბარში.
კითხვას, რამდენად საშიში შეიძლება იყოს სოფელ სამებასთან დღეში რამდენიმე მიწისძვრა, გოდოლაძე ასე პასუხობს:
„ერთ დიდ ბიძგს ბევრი პატარა ბიძგი სჯობს. უცაბედად დიდი ენერგიის გამოთავისუფლება, კარგი არასდროს არაა. რელაქსაცია რომ ხდება პატარა მიწისძვრებით, ეს ძალიან კარგია.
ჯავახეთი არის ვულკანური ზეგანი. რამდენიმე მილიონი წლის წინ ამ ტერიტორიაზე ვულკანური ამოფრქვევები ხდებოდა.
ახლა ჩვენ თვალს ვადევნებთ პოსტვულკანურ პროცესებს. ამ ტერიტორიაზე შიგნით მიმდინარეობს მაგნური აქტიურობა და კომპლექსი საინტერესო და კომპლექსურია.
ჩვენთვისაც საინტერესოა, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში 1200-ზე მეტი ბიძგი დაფიქსირდა.
ეს არაა პროცესი, რომელიც გუშინ დაიწყო და ხვალ დამთავრდება. შესაძლოა ასეთი პროცესები ასეული წლის წინათაც იყო.
რეალურად საქართველოში სეისმომეტრია ჯავახეთიდან გამომდინარე დაიწყო, რადგან ჯავახეთი იყო სეისმურად ძალიან აქტიური ზონა. საქართველოში სეისმური ინსტრუმენტალური დაკვირვებები 1899 წლიდან თბილისის ფიზიკის ობსერვატორიაში დაიწყო“, – განაცხადა გოდოლაძემ „ფორტუნასთან“ საუბარში.