ათენში ქართველმა და ბერძენმა სამართალდამცავებმა დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.
„გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები გასაქურდ ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.
სამართალდამცველებმა, ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ–ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ,“ – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.