მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი კორონავირუსის წინააღმდეგ აიცრა – სასულიერო პირი მიმართვას ავრცელებს, სადაც მოსახლეობას ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ დაუნდობელ ომში ვართ, რომლის დროსაც ვერაგი მტერი საშუალოდ 50 ქართველს გვიკლავს ყოველდღიურად – ჩვენს ძმებსა და დებს, ჩვენს სისხლსა და ხორცს.”
“დიდი ხანია ვაქცინაციის შესახებ ჩემი აზრის თქვენთვის გაზიარება მსურდა, მაგრამ თავს უფლება ვერ მივეცი ეს მანამ გამეკეთებინა, სანამ თავად არ ავიცრებოდი.” – აცხადებს ეპისკოპოსი.
მისი განცხადებით, თავად გადაიტანა კორონავირუსი.
“მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ის ურთულესი დღეები, რომლის გადატანაც მომიწია. სამწუხაროდ, ყველა ჩემსავით ვერ გადარჩა, მათ შორის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ჩემი უახლოესი მეგობარი, ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი.” – ამბობს ეპისკოპოსი მელქისედეკი
როგორც ეპისკოპოსი წერს, ის ათონის მთაზე შეხვდა ბერებს და შეიტყო, რომ ისინიც აცრილები აირიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.
სასულიერო პირი ამბობს, რომ ვაქცინაცია მინიმუმამდე ამცირებს ამ დაავადების გართულების ფორმებს, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ დავზოგოთ რესურსები, დავეხმაროთ ჩვენს სამედიცინო პერსონალს და არ დავიკავოთ ჩვენი იმ თანამოქალაქის ადგილი, რომელსაც გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა ესაჭიროება.
“ვაქცინაცია, სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადის ტარება და ჰიგიენა. სხვა იარაღი ამ ომში არ გვაქვს და მადლობა უფალს, რომ ეს საშუალებები მაინც არსებობს საბრძოლველად.”
“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, გთხოვთ მოუხმეთ გონებას, ნუ აჰყვებით ცრუ და დამღუპველ ინფორმაციებს, გადაამოწმეთ ყოველი ცნობა, რომელსაც ამ დაავადების შესახებ მიიღებთ, დაიცავით თქვენი თავები და თქვენ გარშემო მყოფნი.” – აცხადებს ეპისკოპოსი