პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა. აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტმა განცხადება მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი სამხედრო პატივით დაკრძალეს.
„დღეს ჩვენ ქართულ მიწას მივაბარეთ ღირსეული მამულიშვილი არჩილ ტატუნაშვილი. დღეს აქ ვნახეთ ოკუპანტის ნამდვილი სახე, რომელიც არის ადამიანის გამტაცებელი და წამებით მომკვლელი. ტატუნაშვილის მოკვლის შემდეგ კიდევ უფრო დიდი მუხანათობა დაგეგმეს, რომ ცხედრის არ გადმოცემით შეურაცხყოფა მოეყენებინათ ჩვენთვის. მეორეს მხრივ, დღეს ჩვენ აქ ვნახეთ საქართველო, რომელიც ტრაგედიამ კი არ გახლიჩა, არამედ გააერთიანა. ოკუპანტებს ვეუბნები, რომ ასეთი ბრძოლა ჩვენ საუკუნეების მანძილზე გამოვიარეთ, მზად ვართ ამ ბრძოლისთვის, რადგან ასეთ ბრძლებში ყოველთვის ვიმარჯვებდით. ღირსეული სიცოცხლისა და მოწამეობრივი სიკვდილისთვის, არჩილ ტატუნაშვილს ღირსების ორდენით ვაჯილდოვებ.“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.