მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ქართველ ჯარისკაცს, სამხედრო პატივით, 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავებენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღეს წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენეს. ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს როგორც ტაძარში, ასევე მანამდე სოფელ წეროვანში, მის სახლში არაერთი ადამიანი დაესწრო.
მოკლულის ოჯახს ხელისუფლების, ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიუსამძიმრეს.
შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე – არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. 26 დღის შემდეგ, 20 მარტს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადასცა. ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა.