სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მადლობას უხდის შეხვედრებში მონაწილე ყველა ბიზნესმენს და იმედს გამოთქვამს, რომ ისინი კვლავაც აქტიურად იქნებიან ჩართული სახელმწიფო შესყიდვებში. ბიზნესმენებთან შეხვედრები 2016 წლიდან თვეში ორჯერ იმართებოდა. სააგენტოს ხელმღვანელი პირები ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის აქტუალურ საკითხებზე, კონკრეტული დარგების მიხედვით ხვდებოდნენ.
ბიზნესმენებთან შეხვედრების ფარგლებში გამოიკვეთა რამდენიმე საკითხი, რომლებზეც სააგენტოს მიერ განხორციელდა ადეკვატური რეაგირება. ერთ-ერთი საკითხი შეეხებოდა პირგასამტეხლოს მაღალ ოდენობას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააგენტომ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც განისაზღვრა სხვადასხვა შემთხვევაში პირგასამტეხლოს რეკომენდებული ოდენობა.
ბიზნესმენებისათვის მწვავედ იდგა თანხების ანაზღაურების დაგვიანების საკითხი. სააგენტომ გაითვალისწინა ბიზნესმენების შენიშვნა და გამოსცა რეკომენდაცია, ანგარიშსწორების ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში განსახორციელებლად.
შეხვედრებზე მეწარმეები მიუთითებდნენ ტენდერში არასრულყოფილი სატენდერო წინადადებების წარდგენაზე, რითაც სარგებლობდნენ ცალკეული ეკონომიკური აგენტები და დროის მოგების, ან სხვა რაიმე მოტივით ღიად ტოვებდნენ შესავსებ დოკუმენტაციას. ამგვარი პრეცენდენტების გამორიცხვის მიზნით, ნორმატიული აქტით განისაზღვრა, რომ დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის სასაქონლო ნიშნის, პატენტის, მოდელის, წარმოშობის წყაროს ან მწარმოებლის შესახებ, ასევე არ არის ან განუფასებლადაა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა.
ერთ-ერთი საკითხი ეხებოდა დავების განხილვის საბჭოში დაუსაბუთებელი საჩივრების წარდგენას. ბიზნესმენების განცხადებით, რიგ შემთხვევებში საჩივრების წარდგენით ხელოვნურად ჭიანურდებოდა შესყიდვის პროცედურები. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად, კანონით დაწესდა დაინტერესებული პირის ინსტიტუტი, რამაც პრაქტიკულად გამორიცხა ზემოხსენებული შემთხვევები.
მიმწოდებლები უკმაყოფილებას გამოხატავდნენ ასევე იმის თაობაზე, რომ შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები არასათანადოდ სცემდნენ პასუხს მათ მიერ „კითხვა-პასუხის“ მოდულში დასმულ კითხვებს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნორმატიული აქტით დაწესდა შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება არაორაზროვნად გასცეს პასუხი მიმწოდებელს კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
შეხვედრებზე დასმული პრობლემატური საკითხებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა სახელმწიფო შესყიდვებში სტანდარტების სწორად გამოყენებას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც შემსყიდველ ორგანიზაციებს აძლევს პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს სტანდარტების გამოყენებასთან დაკავშირებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, დაინერგა სატენდერო დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმა და დადგინდა შემსყიდველი ორგანიზაციის ვალდებულება სისტემატიზებულად, სისტემაში გენერირებული კითხვარის მეშვეობით, ატვირთოს სატენდერო დოკუმენტაცია. შედეგად, მიმწოდებელთათვის გაადვილდა მათთვის სასურველი ინფორმაციის მოძიება, რადგან საკითხები, მიუხედავად შემსყიდველი ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმისა და შესყიდვის ობიექტისა, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას მიეთითება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს.