მოსკოვში თბილისთან ურთიერთობის აღდგენაზე ალაპარაკდნენ.
პარალელურად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ლავროვის უწყებას დე-ფაქტო რეჟიმთან ახალი შეთანხმების გაფორმება დაავალა ოკუპირებული ცხინვალის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგების თაობაზე.
2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია.
რას ნიშნავს, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენაზე ალაპარაკდა?
შესაძლოა, სულ, მცირე ილუზია მაინც გვქონდეს, რომ რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას უკან წაიღებს?
ყველაფერთან ერთად ისიც საინტერესოა, რატომ ვერ თანხმდება თუნდაც ამდენი ხნის შემდეგ ოპოზიცია და ხელისუფლება რვაში გაიხსენონ თუ შვიდში აგვისტოს ომის გმირები.
აგვისტოს ომზე, ტერიტორიების დაბრუნების შანსზე „ფორტუნა“ ექსპერტებს ესაუბრა.
ვახტანგ ძაბირაძე: არ აქვს მნიშვნელობა რომელ დღეს დაიწყო ომი
„იმის მოლოდინი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერს მხარს, ან ჯარებს გაიყვანს, ეს ოცნების მიღმა ფანტაზიის ნაყოფი მგონია.
რუსეთი ყოველთვის ცდილობდა, საქართველოსთან რაღაც ურთიერთობები ჰქონოდა როგორც თავადვე ამბობენ, ახალი რეალობის გათვალისწინებით.
ეს ახალი რეალობა კი არის ის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ვაღიაროთ და ამ ფონზე აღვადგინოთ რუსეთთან მაქსიმალურად მეგობრული ურთიერთობა.
რუსეთი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ყარაბაღის კონფლიქტი არამარტო მოაგვარა, არამედ საკმაოდ კარგი პოზიციები დაიჭირა აზერბაიჯანელებთან და რეგიონში სამშვიდობო ძალები განალაგა.
ახლა რუსეთს დასავლეთთან უნდა წარმოაჩინოს, რომ პრაგმატული და კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ და სურს რაღაც ნაბიჯები გადადგას.
მეორეს მხრივ ცდილობს, საკუთარი ძალები საქართველოში გააძლიეროს.
ბოლო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. არა ელექტორალური თვალსაზრისით, არამედ პროპაგანდისტური თვალსაზრისით. ვგულისხმობ 5 ივნისის მოვლენებსა და შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
"პატრიოტთა ალიანსმა" ვლადიმირ პუტინს ღია წერილით მიმართა
წერილი ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა
რუსეთი ქმნის ილუზიას, რომ საქართველოში არიან ძალები, რომლებიც მომხრენი არიან თანამშრომლობის და არ მოსწონთ ევროპული არჩევანი.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი არის გარკვეული ფასადი. ფასადს მიღმა, კი რეალურად მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები იმისთვის, რომ ქვეყანაში თუ ვერ მოხერხდება საქართველოს ჩათრევა იმ პროცესში, რაც რუსეთისთვის იქნება მისაღები და სასურველი, მოხდეს ახალახალი კერების შექმნა. რა თქმა უნდა, ეს მუშაობა გაგრძელდება.
ჯერჯერობით ის დასაყრდენი, რაც რუსეთს აქვს საქართველოში არაა ისეთი, როგორც თავის დროზე „შულავერის კომიტეტის“ გადაწყვეტილება გამოიყენა, („შულავერის კომიტეტი“ შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ომის დროს, 1921 წლის 16 თებერვალს საქართველოს კომპარტიის ხელმძღვანელობით. საბჭოთა ხელისუფლების საგანგებო ორგანო წითელი არმიის მიერ ოკუპირებულ შულავერში შეიქმნა. მისი მოვალეობა იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების ლიკვიდაცია და ახალი ხელისუფლების ორგანოების შექმნა. მისი ერთ-ერთი წევრი იყო ფილიპე მახარაძე.)
დღეს რუსეთს რომ უთხრას ვინმემ, რომ საქართველოში შემოიყვანოს ჯარი, ვერავინ გაბედავს. მაგრამ თუ დავუმატებთ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებულ სამუშაობს, დღეს თუ არა ხვალ შეიძლება, ახალი კონფლიქტები შექმნას.
არასტაბილური გარემოს შექმნაც კი რუსეთისთვის ძალიან მომგებიანია. ნებისმიერი ასეთი შემთხვევა რუსეთის აზრით, შეამცირებს დასავლეთის სურვილს მხარი დაუჭიროს საქართველოს.
რა თქმა უნდა, რუსეთი გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. ამისთვის ისინი ფინანსურ ხელშეწყობასაც არ დაიშურებენ.
აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რომელ დღეს დაიწყო ომი და როდის მოახდინა ანექსია ამ ორი რეგიონის რუსეთმა. ეს არის ფაქტი.
როდესაც საუბარია, რომ ტერიტორიების ოკუპაცია მოხდა, რა მნიშვნმელობა აქვს, შვიდში მოხდა ეს თუ რვაში. როგორ შეიძლება, ამას სერიოზული მნიშვნელობა მიენიჭოს.
თუ ვინმემ რამე უნდა ისწავლოს ამ ომთან დაკავშირებით, პირველი არის ის, რომ ხელისუფლებამ ამ ორ თარიღზე კი არ უნდა ილაპარაკოს. უნდა დადოს დოკუმენტები, თუ რა მოხდა და როგორ ვითარდებოდა მთელი ეს პროცესი.
ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ ცდილობს, რომ ქრონოლოგიურად ჩამოყალიბდეს, თუ რა ხდებოდა ქრონოლოგიურად ამ 13 წლის წინათ.
ურჩევიათ ერთმანეთის საწინააღმდეგოდ გააკეთონ განცხადებები. „ქართული ოცენება“ ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი წამოეგო პროვოკაციას, ხოლი „ნაციონალური მოძრაობა“ მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებები რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს და ამის იქით გახედვა არც უნდათ.
ქვეყნის ინტერესები არც ერთი მხარისთვის არაფერს წარმოადგენს.
სანამ პუტინია ხელისუფლების სათავეში, ეს პოლიტიკა გაგრძელდება.
ჩვენ უნდა ველოდოთ შესაბამის მომენტს, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ. პირველ რიგში ეს დამოკიდებული იქნება რუსეთში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე“. – ამბობს ძაბირაძე „ფორტუნასთან“ საუბარში.
ნიკა ჩიტაძე: როდესაც ქვეყანა ოკუპაციის მსხვერპლია, აუცილებელია ერის კონსოლიდაცია
„რუსეთთან გარკვეული ურთიერთობები დღესაც არსებობს. თუნდაც პოლიტიკური უსაფრთხოების სფეროში. არსებობს მოლაპარაკებების ორი ფორმატი – აბაშიძე – კარასინისა და ჟენევის ფორმატი. ამ დროისთვის 50-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა და სამწუხაროდ შედეგი ვერ ვნახეთ. მეორეს მხრივ არსებობს შეხების წერტილები, ვიცით, რომ რუსეთს და საქართველოს შორის ეკონომიკური ბრუნვის მოცულობა აჭარბებს მილიარდ დოლარს და რუსეთი მუდმივად არის მთავარ სავაჭრო პარტნიორების სამეულებს შორის.
მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც რუსეთი აცხადებს, რომ საქართველო და ქართველი ხალხი უყვარს, ამის პარალელურდ რუსეთი აღრმავებს ე.წ. თანამშრომლობას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან და აძლიერებს მცოცავ ანექსიას.
რუსეთი აპელირებს იმაზე, რომ საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად დამოკიდებულია და გარკვეულ თანამშრომლობაზე წამოვა“. – ამბობს ჩიტაძე ჩვენთან საუბარში.
ექსპერტი ამბობს, რომ მანამ სანამ საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ რუსეთთან კარგად ვიყავით, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი ვერ გადაწყდება.
„თავის დროზე ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ დაიწყო თითქოს საომარი მოქმედებები. შემდგომში იგივე თემაზე განცხადებების გაკეთებისას ამბობდა, რომ რუსეთი არის ოკუპანტი, მაგრამ ამ ოკუპაციაში დიდი წვლილი მიუძღვის „ნაციონალურ მოძრაობას“.
9 აგვისტოს ვიხილეთ სააკაშვილის სამარცხვინო სიცილი, ვითომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, მაშინ, როცა ჩვენი გმირი ჯარისკაცები იხოცებოდნენ: ირაკლი ღარიბაშვილი
"წინა ხელისუფლების ლიდერები, მათ შორის ბევრს რომ ლაპარაკობს, კანდელაკი, გაბაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი და დავით დარჩიაშვილი, ეს ადამიანები არიან სააკაშვილის მანდატით, რომლებმაც ხელი მოაწერეს კაპიტულანტურ რეზოლუციას, სადაც დადანაშაულებულია ჩვენი სამხედრო ძალები"
როდესაც ქვეყანა ოკუპაციის მსხვერპლია, აუცილებელია ერის კონსოლიდაცია. რა თქმა უნდა, უნდა არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ როცა მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ სააკაშვილმა დაიწყო ომი და მმართველი ივანიშვილიც იგივეს ამბობს, ბუნებრივია, ეს ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
ამ საკითხში მაინც უნდა შეთანხმდეს არამარტო „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, არამედ მოსახლეობაც.
უფროსი თაობის ადამიანები იმასაც აცხადებენ, რომ რუსეთთან როცა ვიყავით, კარგად ვცხოვრობდით. მგონია, რომ სანამ რუსეთთან დაკავშირებით ასეთი განწყობები იქნება, საქართველოს დეოკუპაციის საკითხი ვერ გადაწყდება. მით უფრო მაშინ, როდესაც მომავლის ხედვა არ არსებობს. ვიძახოთ, რუსეთი ოკუპანტია, გასაგებია, მაგრამ მომავალთან დაკავშირებით რა კონკრეტული ეკონომიკური საინფორმაციო ხასიათის ნაბიჯები უნდა გადაიდგას, ამას არავინ ამბობს.
რამდენიმე წლის წინ, გავრილოვის ღამის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთი და საქართველო ისტორიულად არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და აფხაზი და ოსი ხალხის გენოციდი მოახდინეს ქართველებმა.
რუსეთი არწმუნებს აფხაზებსაც და ოსებსაც, რომ საქართველოს შემადგენლობაში არასდროს ყოფილან.
საქართველომ ამის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია უნდა წამოიწყოს და მოიტანოს ყველა ის დოკუმენტი, რომლიც მიხედვითაც ნათელი გახდება, რომ ეს ორი ტერიტორია ოდითგანვე საქართველოს ნაწილი იყო“. – ამბობს ჩიტაძე „ფორტუნასთან“.
გია ხუხაშვილი: რუსეთთან ომი სისულელეა, მინიმუმ იმიტომ რომ გავილახებით
„თეორიულად უმჯობესია, ქვეყანასთან, მით უფრო მეზობელ ქვეყანასთან კარგი და მეგობრული ურთიერთობა გქონდეს. აქეთ უნდა მიისწრაფოდეს ნებისმიერი ქვეყანა. მით უფრო ისეთი პატარა ქვეყნა, როგორიც ჩვენ ვართ. საქმე იმაში გახლავთ, რომ ჩვენსა და რუსეთს შორის სისტემური, გადაულახავი პრობლემაა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის 20 % ოკუპირებულია.
ამ ტერიტორიების არათუ დაბრუნებას არავინ არ აპირებს, არამედ რაც უფრო დრო გადის, უფრო მძიმდება ამ მხრივ პერსპექტივა. მით უფრო თუ გავითვალისრწინებთ, რომ ერთი კვირის წინ პუტინმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით, სამხრეთ ოსეთში ორმაგი მოქალაქეობა დაუშვა. აქედან გამომდინარე ჩვენ ომი არ უნდა დავიწყოთ. ეს სილულელეა, მინიმუმ იმიტომ რომ გავილახებით.
მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და გამოვიყენოთ ყველა ის ბერკეტი, რაც გვაქვს. არ უნდა ვიყოთ კატეგორიულები და იმის ილუზია არ უნდა გვქონდეს, დათვს თუ მოეფერები, ის აღარ შეგჭამთ და გულში ჩაგიხუტებს. თავზე ხელს არ გადაგისვავს. იმპერიის ბუნება ასეთი არაა. რაც უფრო ეფერები, ის ამას სისუსტეში გითვლის და კიდევ უფრო აგრესიული და მომთხოვნი ხდება.
პოზაში არ უნდა ჩავდგეთ და იმაზე მეტი არ უნდა მოვითხოვოთ, რისი რესურსიც რეალურად გაგვაჩნია. პრინციპული პოზიციის დაცვა კი ერთ-ერთი, იგივე საერთაშორისო მხარდაჭერის მიღებაა.
ასეთი პოლიტიკა არ უნდა დავიჯეროთ და პოზაში არ უნდა ჩავდგეთ. იმაზე მეტი არ უნდა მოვინდომოთ, რისი რესურსიც არ გვაქვს.
ასე რომ ილუზიაა, რა პოლიტიკაც ჩვენს ხელისუფლებას აქვს – დაბალანსებული პოლიტიკა აწარმოოს, რომ მშვიდობიანობის დემონსტრაცია მოახდინოს და თავისი ინტერესებიც არ დაივიწყოს. აქ ზღვარი ძალიან ზუსტადაა დასაცავი და ეს არ უნდა გადავიდეს კაპიტულანტურ განცხადებაში, რაშიც სამწუხაროდ ხშირად გადავდივართ.
არც ის ვარგოდა, რასაც სააკაშვილი აკეთებდა, რომ თავის თავს გოლიადთან მებრძოლ დავითად წარმოადგენდა, მაგრამ არც ის ვარგა, რომ კოჭების გორება დავუსწყოთ რუსეთს.
რვა აგვისტოს მთავრობის მიერ გაკეთებული განცხადებები იყო კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი განცხადებები.
მესმის ერთის მხრივ ხელისუფლების, შიდაპოლიტიკური ოპონენტი სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობაა“.
მაგრამ არის საკითები, სადაც შენმა განცხადებებმა შეიძლება დააზიანოს სახელმწიფო ინტერესები. იმ დავებში, რაც ახლა მიმდინარეობს საქართველოსა და რუსეთს შორის ჰააგაში და სტრასბურგში შესაძლოა, რვა აგვისტოს ხელისუფლების მიერ გალეთებული განცხადებები რუსეთმა გამოიყენოს თავისი პოზიციის გასამყარებლად.
„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ სააკაშვილმა თავის ხალხს პროვოკაცია მოუწყო 2008 წელს, ეს ჩათვალეთ, რომ არის არგუმენტი მტრის სასარგებლოდ, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.
კი ბატონო, შიგნით ჩვენ შეიძლება ბევრ რამეზე ვიმსჯელოთ და ბევრი შეცდომა დავინახოთ, მათ შორის დანაშაულებრივიც, მაგრამ საჯაროდ ეს განცხადებები არის მტრის წისქვილზე წყლის დასხმა.
ჩემთვის არაა გადამწყვეტი შვიდში უნდა აღინიშნოს, თუ რვაში აგვისტოს ომის თარიღი. მთავარია, რომ მოხდა ტრაგედია, ფაქტია, რომ რუსეთმა გაიმყარა პოზიციები, ფაქტია, რომ ჩვენ დაგვეღუპა ძალიან ბევრი ადამიანი, ბევრმა ადამიანმა დაკარგა საცხოვრებელი და იქცა ლტოლვილად.
ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი. შვიდი აგვისტო- რვა აგვისტო, ეს არის სამართლებრივი – იურიდიული კაზიუსტიკა, რაშიც მე უბრალოდ არ შევალ. ამაზე ილაპარაკონ კომპეტენტურმა პირებმა“, – აცხადებს ხუხაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში.
ის, რაც ქართველებს არ უნდა დაგვავიწყდეს არის მსხვერპლი, რომელიც საქართველომ მიიღო. საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა.
საკუთარი საცხოვრებელი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა.
დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე. რაც შეეხება ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, სულ დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა.