LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჭრელი წინდების მაგია – რა შედეგები აქვს ამ კამპანიას საქართველოში

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა – ჭრელი წინდები კი ამ დღის განუყრელი სიმბოლო.

უთვალავი წინდის (LOTS OF SOCKS) ტრადიცია 2013 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა. მისი მიზანი მასობრივი სოლიდარობის ორიგინალურად გამოხატვაა.

ფერადი წინდის შეძენით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას, ხდებიან ინფორმაციის გამავრცელებლები და იღებენ სოციალურ პასუხისმგებლობას, წვლილი შეაქვთ დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფონდში, რომელიც თემის უფლებების დაცვასა და სტიგმის დაძლევაზე მუშაობს.

ფერადი წინდებით საქართველოში ცნობილი ადამიანები უკვე შვიდი წელია პოზირებენ. წინდები ამ ერთ დღეს მთავარი დანიშნულების გარდა, სხვა აქსესუარების ნაცვლადაც გამოიყენება.

აქციაში წელს პოლიტიკოსების, საჯარო დაწესებულებების და სხვა კერძო პირების გარდა, ბაღები და სკოლებიც აქტიურად ჩაერთნენ.

წელს ამ ფოტოებს აზიარებენ ჰაშთეგით #წინდამინდა

კამპანიაში აქტიურადაა ჩართული საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მისი ოჯახი.

საქართველოში ამ კამპანიის ჩატარების შედეგი მკაფიოა – უკვე ცუდ ტონად ითვლება “დაუნის”, როგორც დამაკნინებელი სიტყვის გამოყენება და თითოეულ მსგავს შემთხვევაზე საზოგადოება აქტიურად რეაგირებს.

საქართველოს დაუნის ასოციაციამ მიმდინარე წელს წამოიწყო პროექტი – “გიგოს ფონდი”, რომლის სახე ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი გიგო შიუკაშვილია. ფონდის მიზანს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა სამედიცინო, სოციალური მხარდაჭერა და ზრდასრულთა დასაქმების ხელშეწყობა წარმოადგენს. კამპანიის ფარგლებში შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდის ანგარიშზე.

 

საინტერესო ფაქტები დაუნის სინდრომზე

  • დაუნის სინდრომი ინგლისელმა მეცნიერმა ჯონ ლანგდონ დაუნმა 1866 წელს აღწერა.
  • დაუნის სინდრომით იბადება ყოველი 800 ბავშვიდან ერთი.
  • დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლოა ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.
  • დაუნის სინდრომი არა დაავადება, არამედ გენეტიკური ცვლილებაა.
  • დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.

 

ორგანიზაცია Down Syndrome International-მა ეს დღე პირველად  2006 წელს აღნიშნა. ხოლო 2011 წლიდან დაუნის სინდრომის საერთაშირისო დღეს გაეროც აღნიშნავს მთელს მსოფლიოში.

Down Syndrome International-ის მიერ 2013 წლიდან აღინიშნება “ჭრელი წინდების” კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს განვითარებად ქვეყნებში ცნობიერების ამაღლებას.

თამთა უთურგაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები