2018 წელს თბილისის ბაგა-ბაღების სურსათით მომმარაგებელი კომპანია შპს “ნილი” სამჯერ დაჯარიმდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ Allnews.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, კომპანია „ნილი“ ორჯერ ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო დაჯარიმდა, ხოლო ერთხელ კრიტიკული შეუსაბამობისთვის.
სააგენტოს ცნობით, შპს “ნილი” ერთხელ 400, მეორე შემთხვევაში 1 200, ხოლო მესამედ ჭერიდან და დაკიდული კონსტრუქციებიდან, რომლის ქვეშ პურის წარმოება და განთავსება მიმდინარეობს, ნაწილაკების ცვენის გამო 1 000 ლარით დაჯარიმდა.
რაც შეეხება 2017 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, არაკრიტიკული შეუსაბამობების გამო დედაქალაქში ორი – თბილისის 64-ე და 128-ე ბაგა-ბაღები დაჯარიმდა. ორივე შემთხვევაში დარღვევები სურსათის რეალიზაციის წესის დარღვევას ეხებოდა, რომლის გამოც 64-ე ბაგა-ბაღს ჯარიმის სახით 200, ხოლო 128-ე ბაგა-ბაღს 500 ლარის გადახდა დაეკისრა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2018 წელს სახელმწიფო კონტროლი თბილისის 157 ბაგა-ბაღში, ხოლო 2017 წელს 300 საჯარო ბაღში განხორციელდა.