“მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე „ბუსტერ“ დოზებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ყოველი ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 10%-ის აცრა მოხერხდეს”, – ამის შესახებ ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ ვაქცინის პირველ დოზას ელოდება, როცა მდიდარი ქვეყნები მესამე ე.წ. „ბუსტერ“ დოზით აცრას იწყებენ.
“ამ დრომდე მსოფლიოში ვაქცინების 4 მილიარდზე მეტი დოზა გაიცა. მათგან 80% მაღალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებმა მოიხმარეს. თუმცა მათი მოსახლეობა მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე ნაკლებია. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ვაქცინების ნაკლები მარაგების გამო კი ყოველ 100 მოსახლეზე 1.5 დოზა მოდის.
ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა შევცვალოთ ეს ტენდენცია და ვაქცინების უმეტესობა უნდა მიემართოს დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისკენ. შესაბამისად, ჯანმო მოუწოდებს, მინიმუმ სექტემბრის ბოლომდე „ბუსტერ“ დოზებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, რათა ყოველი ქვეყნის მოსახლეობის მინიმუმ 10%-ის აცრა მოხერხდეს“, – განაცხადა გებრეიესუსმა.