Reuters-ის ინფორმაციით, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში „მწვანე ზონასთან,“ მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას 6 ადამიანის, მათ შორის, 3 თავდამსხმელის სიცოცხლე ემსხვერპლა. სააგენტოს ცნობით, დაშავებულია კიდევ 7 ადამიანი.
ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, თავდასხმის სამიზნე თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის სახლი იყო. თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ბისმილაჰ მუჰამედის განცხადებით, ის და მისი ოჯახის წევრები არ დაზიანებულან, მაგრამ დაშავდა მისი დაცვის რამდენიმე თანამშრომელი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ქაბულში ასობით მოქალაქე ქუჩებში გამოვიდა და სკანდირებდა „ალაჰ აკბარ“ (ღმერთი უდიდესია), რათა ამ გზით ავღანეთის სამთავრობო ძალების მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა, „თალიბანის“ მიმართ კი – პროტესტი.