ტელეჟურნალისტი ნინო დარასელი წერს ბავშვობის დროინდელი სახლის შესახებ, რომელიც მის წინაპრებს ეკუთვნით და სამეგრელოშია და რომელიც 30-წლიანი განშორების შემდეგ პირველად სწორედ ახლა ნახა – და ამოიცნო სახლი, რომელიც „ჩემი ცოლის დაქალებშია“ გადაღებული.
ნინო დარასელი:
„ბავშვობის აგვისტოების მარშრუტი უცვლელი იყო: სამეგრელო ერთი კვირით, მერე აფხაზეთი, გრებეშოკი ან პიცუნდა.
88 წლის მერე ამ გზაზე აღარ ვყოფილვარ. ზაზას და აფხაზეთის გარეშე, თითქოს ეს გზა, ნახევარიც კი ჩემთვის ჩაიკეტა და იქ წარსულში ყველაზე ტკბილ და განუმეორებელ მოგონებად დარჩა.
დღეს სვანეთისკენ დავიძარით და გზად სამეგრელოში ჩასვლა გავბედე☺️
ბავშვობაში ხომ ყველაფერი უფრო დიდი და ლამაზი გეჩვენება, ვიდრე მერე ზრდასრულს, ჰოდა, დღეს პირიქით მოხდა. გაჩერებულ დროში მოვხვდი. მამაჩემის დედის წინაპრების სახლი მუხურში, თითქმის 30-წლიანი განშორების შემდეგ, იმაზე მეტად საოცარი აღმოჩნდა, როგორიც ჩემს მახსოვრობაში იყო და ისეთივე მშვენიერი, როგორც ჩემი ბავშვობა. ემოციებისგან მთვრალივით ვწერ, ალბათ??
P.S. ერთხელ „ჩემი ცოლის დაქალებში“, გრიშა კაკაჩიას ბავშვობაზე, სამეგრელოში გადაღებული სერიის ყურებისას, ნიკას ვუთხარი, მსგავსი სახლი მაქვს სამეგრელოში-მეთქი. და თურმე? ჩამოვედი და რას ხედავს ჩემი თვალები და რას ისმენს ჩემი ყურები ჩემი ბიძაშვილებისგან? ასეთი და ისეთი კი არა, ზუსტად ეგ სახლი არ ყოფილა? გრიშა კაკაჩიას მასწავლებლის, ოფელია დარსალიას სახლად გაუსაღებიათ სერიალში, აი, იმისად, ნორა ბიცოლა რომ მიუვარდება?მოკლედ, დღეიდან თუ გინდათ, ოფელია დამიძახეთ, არ მეწყინება“.