კულტურის სამინისტროსთან შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ისტორიული შენობის გადატანის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ადგილზე შეკრებილები იყვნენ: კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები.
როგორც აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, მათთვის ხელოვნების მუზეუმის ადგილმდებარეობის შეცვლის გეგმა და დეტალები ბუნდოვანია.
„გაკეთდეს დელეგაცია სანდო პროფესიონალებით, რომლებიც წლებია გადაფარებულნი არიან თითოეულ ძეგლს, დეტალს, რაც კი არსებობს ოქროს ფონდში. ჟურნალისტებთან ერთად, გამჭვირვალობით, დელეგაციის არსებობით, უნდა ვიცოდეთ სად მიდის, რა ტემპერატურით, რა დაცულობით,“- განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა.
პარლამენტის ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით კი, ეს პროცესი წინ არ უნდა წავიდეს.
„რა თქმა უნდა, ვხედავ საპარლამენტო ჩართულობის როლს, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი, რადგან აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ხელოვანებთან ერთად, ნებისმიერი მოქალაქე ამ საკითხში ვიყოთ ერთიანი. ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ გვაქვს ვალდებულება, ვიზრუნოთ კულტურულ მემკვიდრეობაზე,“ – აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.
მოგვიანებით, კულტურის სამინისტრო საზოგადოების პროტესტს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ შენობის დანგრევის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა.