„მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – ამის შესახებ განცხადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა გააკეთა.
მისი განცხადებით, „მედიაზე თავდასხმები და დაშინების მცდელობები, გარდა იმისა, რომ არაკონსტიტუციური ქმედებებია, ის აგრეთვე წარმოადგენს თავდასხმას დემოკრატიის საფუძველზე“.
„მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებმა საკუთარი საქმის შესრულება შეძლონ. მედიამ ინფორმაციის მოძიება, მოსახლეობის ინფორმირება, სახელმწიფო ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა უნდა შეძლოს. მედიის წარმომადგენლებს ამის გაკეთება დაშინების და ყოველგვარი საფრთხის განცდის გარეშე უნდა შეეძლოთ. მთავრობისგან უნდა იყოს მკაფიო მესიჯები, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც გულისხმობს ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლას, არ დარჩება რეაგირების გარეშე და ამას ექნება შედეგები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება სიტყვიერი თავდასხმა, ბულინგი თუ სხვა ტიპის რაიმე შეზღუდვა. იმისათვის, რომ ჟურნალისტებმა საზოგადოების სწორედ ინფორმირება შეძლონ, ეს უნდა იყოს მიუღებელი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.