თბილისის მერიასა და “სითი პარკს” შორის გამართულ შეხვედრაზე პარკირების მენეჯმენტის გადაბარების ტექნიკური საკითხები განიხილებოდა. კომპანია “სითი პარკი” მზადყოფნას გამოთქვამს, მაქსიმალურად უზრუნველყოს გადაბარების პროცედურა იმისთვის, რომ ქალაქში პარკინგს ხელი არ შეეშალოს.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ხმალაძემ, განმარტა, კომპანია თავის მხრივ გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს მერიასთან, თუმცა იმ შემთხვევაშიც კი თუ კომპანია არ ითანამშრომლებს მერიასთან, მერია საკუთარი რესურსებით მაინც მოახერხებს პარკირების ადმინისტრირებას.
მერის მოადგილე “სითი პარკის” განცხადებასაც გამოეხმაურა რომ მოქალაქეების მხრიდან ინსპექტორებზე ძალადობა გახშირდა. ირაკლი ხმალაძის განცხადებით, “10 აპრილამდე ქალაქში პარკირების ადმინისტრირებას კვლავ “სითი პარკი” განახორციელებს. შესაბამისად, კანონის ფარგლებში კომპანიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა განახორციელოს მენეჯმენტი. იმ შემთხვევაში, თუ აგრესიის, შეურაცხყოფის ფაქტი დაფიქსირდება, დამნაშავე სამართლებრივად აგებს პასუხს.”
რაც შეეხება, სითი პარკის მართვიდან გასვლის შემდეგ, პარკირების ახალ გეგმას, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, პარკირების ახალი სისტემის განხილვა ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მიმდინარეობს, მათ შორის, ზონალური გადასახადის დაწესებაც, ახალი დოკუმენტი მზადების პროცესშია და დასრულების შემდეგ წარედგინება საზოგადოებას.