“2020 წლის განმავლობაში, მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოვაწერეთ, დაგვიანებით შესრულებულ და შეუსრულებელ სერვისებზე კომპანიებს აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდა დავაკისრეთ, ასევე ავამოქმედეთ ელექტრონული მომსახურებები”, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში, სემეკის 2020 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
კომიტეტმა კომისიის 2020 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
დავით ნარმანიამ 2020 წლის განმავლობაში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ მდგომარეობასა და კომისიის სამართლებრივ რეაგირებებზე ისაუბრა.
მან ასევე ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე, მომსახურებების უმოკლეს დროში ადაპტირების მნიშვნელობასა და კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით კომისიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ელექტროენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციასა და სატარიფო პოლიტიკაზე.
“2020 წლის განმავლობაში კომუნალური მომსახურებების მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ჩვენ დეტალურად ვსწავლობთ თითოეული მოქალაქის საჩივარს ნებისმიერი კომუნალური კომპანიის მიმართ და თითოეულ მათგანზე გვაქვს შესაბამისი რეაგირება.
2020 წლის განმავლობაში მოქალაქეებს 1 მილიონ ლარზე მეტი უსაფუძვლოდ დარიცხული თანხები ჩამოვაწერეთ, დაგვიანებით შესრულებულ და შეუსრულებელ სერვისებზე კომპანიებს დავაკისრეთ აბონენტებისთვის კომპენსაციების გადახდა, ავამოქმედეთ ელექტრონული მომსახურებები და ა.შ. სისტემატურად ვნერგავთ თანამედროვე სტანდარტებს მომსახურებებში. ჩვენ შევძელით, რომ 2020 წელს გვეპასუხა ყველა გამოწვევისთვის და კრიზისული სიტუაციის მიუხედავად, არ შეგვეფერხებინა საქმიანობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო მიმართულებით.” – თქვა ნარმანიამ.
► სემეკის საქმიანობის 2020 წლის ანგარიშს ვრცლად იხილავთ კომისიის ვებგვერდზე.