LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომი“ და „ჯეოსელი“ გააფრთხილა

81

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მობილური კავშირის კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული მომსახურეობის სუბსიდირებისთვის შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ წერილობითი გაფრთხილება მისცა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომპანიებს გაფრთხილება მიეცათ დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

„კომისიამ დაასრულა ბაზრის მოკვლევა და დაადგინა, რომ შპს „მაგთიკომისა“ და შპს „ჯეოსელის“ მხრიდან კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურეობის ფარგლებში ორივე კომპანიას დაუფიქსირდა ზარალი. შპს „მაგთიკომის“ და შპს „ჯეოსელის“ მხრიდან ადგილი ჰქონდა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას.

შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ახალი სატენდერო პირობების მიხედვით, 2018 წლიდან განისაზღვრა ახალი პირობები, რაც სწორი გადაწყვეტილებაა. კომისიის გადაწყვეტილებით, შპს „მაგთიკომს“ და შპს „ჯეოსელს“ მიეცა წერილობითი გაფრთხილება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მეორე პუნქტის ბ) ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევისთვის, კერძოდ, დანახარჯებისა და შემოსავლების განცალკევებულად აღრიცხვის სპეციფიკური ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიებს ერთი წლის განმავლობაში კვლავ დაუფიქსირდებათ დარღვევა, ისინი ფინანსურ სანქციებს მიიღებენ.

ტარიფის სუბსიდირების მოკვლევას, საკითხის შესწავლის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიამ შპს „მაგთიკომიდან“ და შპს „ჯეოსელიდან“ გამოითხოვა კონსოლიდირებული ტენდერით გაწეული ხარჯებისა და მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია. კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მობილური კომპანიების მიერ კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაწეული ხარჯები ბევრად აღემატებოდა ამ მომსახურეობიდან მიღებულ შემოსავლებს”,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის 2010 წლის 21 მაისის N240/9 და 2011 წლის 25 იანვრის №26/9 გადაწყვეტილებებით „შპს „ჯეოსელს“ და შპს „მაგთიკომს“ დაკისრებული აქვთ ვალდებულება, რომ არ დაუშვან კონკურენციის შემზღუდავი ქმედებები და სატარიფო შეღავათების სუბსიდირება სხვა მომხარებელთა ხარჯზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები