LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტანსაცმლის მორგება და ბონუსად მიღებული კანის დაავადებები – საფრთხე მაღაზიებში

„დღის განმავლობაში იმდენი ადამიანი იზომებს ამ ტანსაცმელს, სულ მოთხვრილია, შესაკრავებიც გაფუჭებულია,“ – ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში მოსმენილი კონსულტანტების საუბარი ახალი ფობიის საფუძველი გახდა.  კანისა და ვენსნეულებათა სპეციალისტის ინფორმაციით,  ტანსაცმელი,  ფეხსაცმელი,  თეთრეული და აქსესუარები – ნივთები, რომელსაც შეძენამდე ყოვედლღიურად ათობით ადამიანი მოირგებს, კანის გადამდები დაავადებების გავრცელების კარგი წყარო შეიძლება, გახდეს.

სამოსის ან ფეხსაცმლის მორგების პროცესში ბაქტერიული, სოკოვანი და პარაზიტული დაავადებების  დაინფიცირებული კანიდან ჯანმრთელ სხეულზე გადაცემის ალბათობა განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში იმატებს. ექიმ-დერმატოლოგი ნინო ოთარაშვილი “ფორტუნასთან”  შოპინგის ბონუსად მიღებულ საფრთხეებზე საუბრობს.

„კანიდან კანზე გადამდები ბაქტერიული, სოკოვანი ან პარაზიტული დაავადებების გადაცემის რისკი ზაფხულში, როცა ოფლიანობა მომატებულია, ბევრად მაღალია. თუ ნივთების მოზომება მოკლე პერიოდში მოხდა, მაღალია რისკი, დაავადებული კანიდან ჯანმრთელს გადაეცეს სოკო ან პარაზიტი, მაგალითად, მუნი, რომელიც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად არის გავრცელებული. პარაზიტების გადაცემა  შესაძლებელია ქუდის მორგებითაც. არასასურველია საცურაო კოსტიუმების მორგება.  ვენერიული დაავადებების საყოფაცხოვრებო ფორმით გადადების რისკის მატარებელია საყურეებიც. თუ ყური ახლადგახვრეტილია ან გაიზიანებულია, სისხლით გადამდები დაავადების საფრთხეს შეიცავს. ყიდვის შემდეგ საყურე ანტისეპტიკური სითხით დაამუშავეთ,“ – ამბობს „ფორტუნასთან” დერმატოლოგი  ნინო ოთარაშვილი.

მას შემდეგ, რაც ერთ-ერთ ბრენდულ მაღაზიაში კონსულტანტი  საცურაო კოსტიუმის მორგებას ჯიუტად სთავაზობდა, პრობლემიდან საკუთრი გამოსავალი იპოვა გვანცა გოგიამ. ცდილობს, თეთრეული და სამოსი ბაზრობებზე შეიძინოს, იქ, სადაც მოსაზომებელი კაბინები არ არის.

„ბაზრობებზე საცვლების მორგება, თითქმის, შეუძლებელია სპეციალური კაბინების არარსებობის გამო. შესაბამისად რისკი, რომ ნივთი ბევრი ადამიანის მორგებული იყოს მცირეა. ფეხსაცმლის ყიდვის შემთხვევაში კონსულტანტს ყოველთვის ახალი წყვილის გამოტანას ვთხოვ ან ვირჩევ მაღაზიას, სადაც ერთჯერად  პოლიეთილენის წინდას მთავაზობენ,“ – ამბობს „ფორტუნასთან“ გვანცა გოგია.

ზამთრის სეზონზე სათხილამურო კურორტებზე განსაკუთრებით აქტუალურია თხილმურების გაქირავება. სარგებლობის შემდეგ ფეხსაცმლის დამუშავება სათანადო წესით, თითქმის, არ ხდება. დერმატოლოგის რჩევით, მაღაზიებში შოპინგის შემდეგ სასურველია, ხელები ანტიბაქტერიული ხელსახოცით  გაიწმინდოთ, ფეხსაცმლის ყიდვისას კი ერთჯერადი ბახილების გამოყენებაა რეკომენდებული.

„ბაქტერიული დაავადებებისგან დასაცავად სასურველია ანტიბაქტერიული ხელხოცით ხელების დამუშავება. თხილამურებს და ფეხსაცმლის შემთხვევაში,  წინდა სოკოვანი და სხვა ტიპის დაავადებებისგან  ნაწილობრივ ბარიერს წარმოადგენს, საუკეთესო გამოსავალია ფეხსაცმლის ერთჯერადი ბახილებით მორგება,“ –  გვირჩევს ექიმი-დერმატოლოგი.

მაღაზიებში საცვლების შერჩევისას  კატეგორიულად დაუშვებელია ნივთების  მორგება, თუმცა, პროდუქტის გაყიდვის ცდუნებიდან გამომდინარე, ხშირად ჰიგიენის ამ ნორმას არ ითვალისწინებენ.  ასეთ მაღაზიებში თეთრეულის შეძენა არარეკომენდებულია.

ტანსაცმლის შეძენის დროს  სასურველი ზომის დასადგენად გარკვეული ტიპის სამოსის უკუღმა ჩაცმაც შეიძლება. თუ სტენდზე სამოსი შელახულია, კონსულტანტს ახლის გამოტანა უნდა სთხოვოთ.

ექიმ-დერმატოლოგის მოსაზრებით, შოპინგისას კანის გადამდები დაავადებებისგან  დაცვის 100%-იანი გარანტიები არ არსებობს,  თუმცა, ჰიგიენის ნორმების მაქსიმალურად დაცვით რისკების შემცირება შესაძლებელია.

 

 

 

თამუნა გოგუაძე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები