LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი – ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატრიარქის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა

90

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ პატრიარქის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება მოახდინა.

როგორც პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 8 მარტს, საპატრიარქოში, მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობდა „არა მარტო საქართველოში არსებულ ვითარებაზე, არამედ უწმინდესი გულისხმობდა, ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაციისა და ინტეგრაციის პროცესებს, რასაც ხელს უწყობს ინფორმაციის გავრცელების მაღალი დონე“.

„გასულ ხუთშაბათს საპატრიარქოში მცხეთა-თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე მისი უწმინდესობა საუბრობდა მეორედ მოსვლისთვის დამახასიათებელ თავისებურებებზე. დღეს ბევრი ცნობილი ღვთისმეტყველი საუბრობს საყოველთაო აპოსტასიის (ღვთისაგან განდგომილების) შესახებ, რომ მსოფლიოში მიმდინარე გლობალიზაცისა და ინტეგრაციული პროცესები ისეთი არაპროგნოზირებადია, როგორიც არასდროს ყოფილა და ეს ყველაფერი ძალიან კარგად ჩანს ქრისტიანული ესქატოლოგიის (მოძღვრება სამყაროს აღსასრულზე) ფონზე. ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბრობდა მისი უწმინდესობა. სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ აღნიშნული საკითხის ინტერპრეტირება მხოლოდ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დაუკავშირა, რაც არასწორი გახლავთ“, – განაცხადა მამა მიქაელმა.

„მე ხანდახან ისეთი აზრიც კი მებადება, რომ აღარ ეშველება ქვეყანას. ეს ჰგავს დაგორებულ ლოდს, ქვას, აი, მთიდან რომ დაგორდება და ვეღარ გააჩერებ, აი, ამას ჰგავს დღევანდელი მდგომარეობა,“ – განაცხადა პატრიარქმა საპატრიარქოში 8 მარტს მცხეთა–თბილისის სამღვდელოებასთან და ფსიქოლოგებთან გამართულ შეხვედრაზე.