ანომალიური სიცხე და გახშირებული ტყის ხანძრები, გადამწვარი სოფლები და ყინულოვან ანტარქტიდაში დაფიქსირებული უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურა – პანდემიასთან ერთად, მსოფლიო ებრძვის სტიქიურ მოვლენებს, რომლებმაც უდიდეს ინფრასტრუქტურულ ზარალთან ერთად, უდიდესი ადამიანური დანაკარგი გამოიწვია.
დღემდე ებრძვიან სხვადასხვა ქვეყანაში წყალდიდობას და დღემდე იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც.
დამანგრეველი წყალდიდობა გერმანიაში – დაღუპულთა რიცხვი 175-მდე გაიზარდა
გერმანიაში, დამანგრეველი წყალდიდობიდან 8 დღის შემდეგ, კვლავ ეძებენ დაკარგულებს და იზრდება დაღუპულთა რიცხვი. ბოლო მონაცემით, წყალდიდობის შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 175, დაკარგულია 155 ადამიანი.
ინტენსიური წვიმებით გამოწვეულმა წყალდიდობამ ყველაზე მეტად გერმანიის დასავლეთი ნაწილი დააზიანა. დაზარალდა მდინარე რაინის სანაპიროზე მდებარე მრავალი ქალაქი. რაინლანდ-პფალცის მიწაზე დაინგრა საცხოვრებელი სახლები. მხოლოდ ამ შტატში სტიქიამ 128 ადამიანი იმსხვერპლა. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა აირვაილარის რაიონში. ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს.
ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ხელისუფლებამ კი გადაუდებელი დახმარების პროგრამისთვის 200 მილიონი ევრო გამოყო.
გერმანიის სადაზღვევო კომპანიების გაერთიანების ხელმძღვანელის, იორგ ასმუსენის შეფასებით, ზარალმა შესაძლოა, ხუთ მილიარდ ევროს გადააჭარბოს, რადგან ჯერ არ არის დათვლილი საქსონიასა და ბავარიაში მიყენებული ზარალის ოდენობა.
წყალდიდობამ დააზიანა საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც სხვადასხვა ადგილში მიყენებული ზარალის დათვლაც ვერ ხერხდება.
წყალდიდობის შედეგად გამოწვეულ ზარალს დღემდე ითვლიან გერმანიის მოსაზღვრე ბელგიის რეგიონებშიც.
რამდენიმე დღის წინ ვითარება შეაფასა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ დე კროომ და თქვა, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რომელიც ქვეყანაში ყოფილა. ბოლო მონაცემით, გარდაცვლილია 27 ადამიანი, დაკარგულად ითვლება 20-ზე მეტი პირი.
ბელგიაში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.
ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია ავსტრიაშიც. დაიტბორა ვენის მეტრო, დროებით იყო დახურული მეტროს ორი სადგური.
ყველაზე ძლიერი წვიმები ბოლო 1 000 წლის განმავლობაში და გარდაცვლილი 25 ადამიანი – სტიქიას ებრძვის ჩინეთიც
ბოლო მონაცემებით, ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობას, 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გარემოს სააგენტოს სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი წვიმა რეგიონში ბოლო ათასი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერია. ინტენსიურმა და ძლიერმა წვიმებმა ყვითელი მდინარის ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ევაკუირებულია 100 ათასამდე ადგილობრივი.
პროვინციაში სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეფერხდა, ქალაქ ჩჟენჩჟოუში კი პარალიზებულია სატრანსპორტო სისტემა. წყალდიდობის გამო, ათასობით მოსახლეს არ მიეწოდება ელექტროენერგია. დაიტბორა მეტროსადგურები, დაინგრა სახლები და სხვადასხვა ნაგებობა.
სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა თვითმხილველების მიერ გადაღებული კადრები მეტროს ვაგონებიდან, მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მოედინება წყლის უდიდესი ნაკადი და რომ მიწისქვეშა სადგურები დიდ აუზად არის ქცეული.
წყალდიდობა თურქეთში – გარდაცვლილია 6 ადამიანი
ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია თურქეთშიც. დატბორილია რიზეს, ართვინისა და არხავის პროვინციები.
ბოლო ცნობით, რიზეს რეგიონში წყალდიდობას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაზიანებულია გზები, სასოფლო-სამეურნეო მიწები, დატბორილია სახლები, საავტომობილო გზები და ავტომობილები. გარესამყაროს მოწყდა მრავალი სოფელი. საჭირო გახდა ორი სოფლის ევაკუაცია.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, სახლების პირველი სართულები დატბორილია. სამაშველო ჯგუფები მოსახლეობას წყალს და საკვებ პროდუქტებს ურიგებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს წყალდიდობამ კაშხალი დაანგრია, უწყებაში ამბობენ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი წვიმები ქვეყნის მასშტაბით 23 ივლისამდე გაგრძელდება.
შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.