LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ არსებობს ბავშვი დასასვენებლად წაიყვანო და ავად არ გახდეს – საშიშია თუ არა კურორტები

„არ არსებობს, საქართველოს კურორტზე ბავშვი წაიყვანო და, ან იქვე, ან მერე ავად არ გახდეს. ეს რატომ ხდება?“  – ეს კითხვა სოციალური ქსელის ერთ-ერთ მომხმარებელს გაუჩნდა. როგორც ეკა ქართველიშვილი ამბობს, ანტალიის სანაპიროზე ან ქემერში ან სხვაგან ერთი თვე რომ გყავდეს ბავშვი, ავად არ გახდება.

„მთავარია, მცხუნვარე მზეს მოარიდო.  ახლა ბორჯომში საკმაოდ მაღალი კლასის სასტუმროში ვიყავით, თვითონ ნომრებს ყოველდღე ალაგებდნენ, კვებაც ძალიან კარგი იყო ნამდვილად. ნუ, ჰაერზე აღარაფერს ვამბობ. ჩამოვედით და ერთ კვირაში ავად გახდა ბავშვი და ვიცი, რომ ბაკურიანში სულ დავირუსებულები არიან ბავშვები, გინდა – ზაფხულში, გინდა – ზამთარში. ასევე, ბათუმშიც და ურეკშიც. რისთვის გაგვყავს ეს ბავშვები სხვა ჰაერზე დასასვენებლად, ავად რომ გახდნენ? თუ პირიქით, რომ გაჯანსაღდნენ? რაშია პრობლემა? ზოგადად ჰიგიენის პრობლემა არის საქართველოში, ალბათ, ეს არის პრობლემა. მაგრამ კიდევ არის რაღაც, როგორც ჩანს…“ –  წერს ეკა ქართველიშვილი „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე.

ის, რომ დედაქალაქში ბავშვი არ ავადობს და საკურორტო ზონებში მათი წაყვანა საშიშია, ამ აზრს კატეგორიულად არ ეთანხმება პედიატრი ეკა უბერი.

როგორც ის „ფორტუნასთან“ საუბრისას აცხადებს, ავადობის ხშირი მიზეზი არის სხვა დაინფიცირებულ ბავშვთან კონტაქტი, განსაკუთრებით დახურულ სივრცეებში. ის, რომ ან ჰაერი არ უხდება ბავშვს, ან წყალია დაბინძურებული, ამის მიზეზად არ შეიძლება, რომ დასახელდეს.

„კურორტებზე რომ უფრო ხშირად ხდებიან ავად, არ შეესაბამება სინამდვილეს. ზოგადად,  ჩვენი ბავშვები შედარებით ნაკლებ დაცულნი არიან ინფექციებისგან იმიტომ, რომ პრევენციული ღონისძიებები არცთუ ისე ეფექტიანად ხორციელდება. ესაა ვაქცინაცია. ყველა ბავშვი არაა ვაქცინირებული სხვადასხვა ინფექციებზე, მათ შორის, გრიპის ვირუსზე. უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპაში, ეს მაჩვენებლი გაცილებით მაღალია. წითელაზე ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევით დგინდება, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი 40 პროცეენტს არ აღემატება, რაც სავალალო მონაცემია.  10-იდან 4 ბავშვია დაცული, დანარჩენი 6 ბავშვი დაუცველია. ასევე, 6 წლმდე ასაკის ბავშვები ითვლებიან მაღალი რისკის ჯგუფად ავადობის მხრივ. 50-60 პროცენტ  შემთხვევაში ბავშვების ხშირი ავადობა მიჩნევა ნორმად. ამიტომაც შესაძლებელია, უცხოეთში უკეთესი ეკოლოგია იყოს, მაგრამ თბილისში უკეთესადაა და კურორტზე, ბაკურიანში, ცემში, ბახმაროში, თუნდაც, ზღვის კურორტებზე უფრო ხშირი ავადობაა, სიამართლეს არ შეესაბამება,“  – აღნიშნა უბერმა.

პედიატრისგან განსხვავებით, გარემოს საკითხებში ექსპერტი ნინო ჩხობაძე მაღალი ავადობის მიზეზად საკვებს, მოუწესრიგებელ საკანალიზაციო სისტემებისა და ნარჩენების პრობლემებს ასახელებს. მისი თქმით, ამ სამიდან კურორტებზე ჯეროვნად არცერთი მათგანი არაა მოწესრიგებული.

„ჩვენ, სამწუხაროდ, ყველგან არ გვაქვს საკანალიზაციო ქსელი მოწესრიგებული. ძალიან ბევრ შემთხვევაში საკანალიზაციო ქსელები არის დაბინძურების მიზეზი. ცენტრალიზებული გამწმენდი ნაგებობები, პრაქტიკულად, არ გაგვაჩნია. ამას დიდი მნიშვენლობა აქვს და ეს არის გამოწვევა, რომელიც სახელმწიფოს აქვს გადასალახი. ეს არის სასმელი წყლის კონტროლი ანუ სუფთა სასმელი წყლის მიწოდების ვალდებულება. ასევე, მათ  შორის საკანალიზაციო სისტემების მოწესრიგება ისეთ ობიექტებზე, რომელიც არის საკურორტო. ჩვენ არ გვაქვს ცენტრალური საკანალიზაციო სისტემები მაღალმთიან ზონებში. ეს შესაძლოა, გახდეს დაბინძურების მიზეზი, თუმცა, ამას შესწავლა და მონიტორინგი სჭირდება. კიდევ ერთი პრობლემა არის ნარჩენი – მოსახლეობის მიერ ტყეში დაყრილი ნაგავი გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ამას სჭირდება მკაცრი კონტროლი, განსაკუთრებით კურორტულ ზონებში.  ნარჩენის ჯეროვანი გატანა არ ხდება, მხოლოდ რამდენიმე  ადგილასაა ეს საკითხი მოწესრიგებული,“ – აღნიშნა ნინო ჩხობაძემ „ფორტუნასთან“.

ის იმასაც ამბობს, რომ ყველა კურორტი, როცა სეზონი იწყება, წინასწარ მოწმდება. სასტუმროები და კერძო ოჯახები ყველაფერს ცდილობენ, რომ სეზონის დაწყებას მოწესრიგებულად შეხვდნენ.

„მე როგორც ვიცი, სახელმწიფოც ცდილობს, გააკონტროლოს ზღვის კურორტებზე საბანაო წყლები, მაგრამ ის, რომ ბავშვები იქ ავადდებიან, ეს სულაც არაა გასაკვირი. რას ჭამენ?! ბევრ შემთხვევაში არის კვების პრობლემა, ვიდრე გარემოს დაბინძურება. როგორც წესი, ეს არის საკვებიდან გამოწვეული დაავადებები, დაუბანელი ხელიდან გამოწვეული ვირუსები და ინფექციები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. თუ არ მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა და სისუფთავე ამ ზონებში, ეს პრობლემა მაინც ყოველთვის იქნება,“  – განაცხადა ჩხობაძემ.

 

ქეთი გიგოლაშვილი