„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა დამენია, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას ეხმაურება, რითაც მან ჟურნალისტების მხრიდან ფსიქოლოგიურ ძალადობასთან დაკავშირებით ისაუბრა.
დამენიას თქმით, კახა კალაძემ ამ განცხადებით ფაქტობრივად, მოძალადეებსა და ჟურნალისტებს შორის ტოლობის ნიშანის დასვა.
როგორც ლაშა დამენიამ აღნიშნა, კახა კალაძისგან უკეთესი განცხადება არც იყო მოსალოდნელი, რადგან ის იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელმაც 5 ივლისს 53 ჟურნალისტი სასიკვდილოდ გაიმეტა.
„მსოფლიოში უპრეცედენტო შემთხვევაა, როდესაც ერთ ლოკაციაზე, ერთი და იგივე დღეს, 53 ჟურნალისტს ასეთი ცემა-ტყეპა მოუწყვეს, ამიტომ, აუცილებელია ქართულმა საზოგადოებამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არჩევნების გზით, „ქართული ოცნება“ იძულებული გავხადოთ, დანიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.
პირწმინდად დავამარცხოთ ისინი ამ არჩევნებზე, რათა რაც შეიძლება მალე მოშორდეს ხელისუფლებას ეს მოძალადე და პროპუტინური ძალებისაგან შემდგარი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება,“ – განაცხადა ლაშა დამენიამ.