LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სახეზეა კომპლექსური დისკრიმინაცია – ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს რწმენის უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ აქვთ: DRI

61
1

“ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა, მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება”, – აცხადებენ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში და ამბობენ, რომ სახეზეა კომპლექსური დისკრიმინაცია – რელიგიის და ეთნიკური კუთვნილების ნიშნებით.

“რელიგიის თავისუფლება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში” – ამ სახელწოდებით აქვეყნებს ვრცელ მიმოხილვას DRI და იმ მნიშვნელოვან პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას, რომლებიც ოკუპირებულ რეგიონებში, რელიგიურით თავისუფლების მიმართულებით არსებობს:

❗  საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას არ ჰყავს საეკლესიო მსახურები ცხინვალში და აფხაზეთში, ვერ განკარგავს კონფლიქტებამდე მის სარგებლობაში არსებულ ქონებას და რელიკვიებს, ვერ უწევს შესაბამის მხარდაჭერას იმ მრევლს, რომელიც საკუთარ თავს ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან აიდენტიფიცირებს;

❗  ოკუპირებულ რეგიონებში ქართველ მორწმუნეებს არ აქვთ შესაძლებლობა მათთვის სასურველ ენაზე, თავისი ეკლესიის მსახურებისგან და ტრადიციულ საკულტო ნაგებობებში მოახერხონ თავიანთი რწმენის და კულტურული უფლებების რეალიზება;

❗  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ქართველი სასულიერო პირების რაოდენობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკიდურესად მცირეა.

❗  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან იშვიათია ქართული წირვა-ლოცვის მოსმენა, თუმცა აქტიურად მიმდინარეობს ღვთისმსახურება რუსულ ენაზე, როგორც ოკუპირებულ აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში.

“აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო მისი კანონიკური იურისდიქციის ქვეშ განიხილავს. ამ ფაქტს ფორმალურად არცერთი მართლმადიდებლური ეკლესია არ უარყოფს. თუმცა, როგორც პოლიტიკურ, ისე საეკლესიო სივრცეში, ოკუპირებული ტერიტორიების მმართველ ელიტებს თავისი მომავალი არც საქართველოს სახელმწიფოს და არც მასთან ასოცირებულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან კავშირში არ წარმოუდგენიათ”, – აღნიშნულია DRI-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში ამბობენ, ახალგორში ვერ ბრუნდება ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის დროს ახალგორში არ იმყოფებოდა და როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ვერ შეძლო დაბრუნება:

“ახალგორში ქართული ეკლესიის გარდა, ფუნქციონირებს ოსური ეკლესიაც, რომელიც ალანიის ეპარქიას ექვემდებარება, სადაც წირვა-ლოცვა ოსურ ენაზეც აღევლინება. ახალგორში ვერ ბრუნდება ცხინვალის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც მოსაბრუნის საკონტროლო-გამშვები პუნქტის ჩაკეტვის დროს ახალგორში არ იმყოფებოდა და როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც ვერ შეძლო დაბრუნება.

რაც შეეხება გალს, იქ ეთნიკურად ქართველი მღვდლები არ მოღვაწეობენ, წარსულში მღვდელმსახურებას ეწეოდა მამა პიმენი (რომან ქარდავა), რომელსაც 2008 წელს, აფხაზურმა მხარემ სასულიერო მოღვაწეობა აუკრძალა და გალიდან გამოაძევა.

ამჟამად, გალში მდებარე მოქმედ ეკლესიებში (ხუთი მოქმედი ეკლესიის გარდა, ერთი ამჟამად შენდება სოფელ ოტობაიაში) მღვდელმსახურებას ატარებს მამა მათე, რომელიც აფხაზური წარმოშობისაა და მიუხედავად სოხუმიდან ზეწოლისა, წირვებს ატარებს ორ ენაზე – ქართულად და რუსულად. რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების მხრივ, ოკუპირებულ რეგიონებში, დისკრიმინირებული მხოლოდ ეთნიკურად ქართველი მრევლია, რომელიც თავის თავს მართლმადიდებელ ქართულ ეკლესიასთან აიდენტიფიცირებს”, – ვკითხულობთ მიმართვაში.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა საერთაშორისო ფორმატი უნდა გამოიყენოს ამ პრობლემების დასარეგულირებლად ისე, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თითოეული მოქალაქის რელიგიის თავისუფლება, თანაბრად იყოს დაცული და განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ მათ, ვინც წლების განმავლობაში დისკრიმინაციის ქვეშ განაგრძობენ ცხოვრებას და სრულად ვერ ახდენენ საკუთარი უფლებების რეალიზებას.

❗  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არ შეიზღუდოს ეთნიკური და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისადმი კუთვნილების ნიშნით მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების ჩატარების და სასურველი ეკლესიის მსახურების მიღების უფლება, რაც ამჟამად უგულებელყოფილია;

❗  აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დარჩენილი საეკლესიო ქონების და ინფრასტრუქტურის მართვისას, არ უნდა მოხდეს იქ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის რელიგიის თავისუფლების და გამოხატვის უფლების შეზღუდვა საკულტო შენობებთან თუ რელიგიურ სიწმინდეებთან ხელმისაწვდომობის სრული ან ნაწილობრივი აკრძალვის სახით”,- ნათქვამია განცხადებაში.