შსს-მ ავჭალაში ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობისთვის წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა.
ამის შესახებ განცხადება შსს-ში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
უწყების ცნობით, გამოძიება სსსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლით, დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პირს 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელის.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 იანვარს თბილისში, ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში, ნაცნობს – 1951 წელს დაბადებულ ე.ტ.-სა და მის მეუღლეს – 1968 წელს დაბადებულ ი.ხ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ორივე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,“ – განაცხადა შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.