“ბრიტანეთი და კანადა მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ” შეთანხმებით დაკისრებული ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს.” – ამის შესახებ აღნიშნულია ბრიტანეთის და კანადის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფოები ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ აქვეყნებენ.
ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდზე იმსჯელეს
ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და განცხადების ტექსტსაც აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის გამართვას და მიიჩნევენ, რომ ფორმატს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ცხოვრება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული:
? ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდის გამართვას და მიიჩნევენ, რომ ფორმატს შეუძლია, უკეთესობისკენ შეცვალოს ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები პირების ცხოვრება;
? ბრიტანეთი და კანადა შეშფოთებულნი რჩებიან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესით, რამაც პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული კრიზისი გაამძაფრა დ უკანონო დაკავებები გამოიწვია (ცალკეა აღნიშნული ზაზა გახელაძის შემთხვევა);
? ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან მდინარე ენგურზე გადაადგილების აღდგენას, თუმცა მოუწოდებენ დე-ფაქტო „ხელისუფლებებს“, საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონებში შესვლის საშუალება მისცენ;
? ბრიტანეთი და კანადა მიესალმებიან რაუნდის ფარგლებში საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ „ხედვების გაცვლას“, თუმცა ამ კუთხით დისკუსიის გაგრძელების მნიშვნელობას უსვამენ ხაზს;
? ასევე მიესალმებიან “Women, Peace and Security” (ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება) ფორმატის განხილვას;
? ბრიტანეთი და კანადა იმედგაცრუებულები არიან, რომ ფორმატის ზოგი მონაწილე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა ჰუმანიტარული საკითხების განხილვაში არ ერთვებიან;
? ხაზგასმულია ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის მნიშვნელობა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერა;
? ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამ მხრივ, საერთაშორისო საზოგადოების უმრავლესობის მსგავსად, ორივე ქვეყანა განაგრძობს არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერას და რუსეთის მხრიდან რეგიონების „დამოუკიდებლობის“ მხარდაჭერას მეზობელი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ცალსახა უპატივცემულობად მიიჩნევს;
? ბრიტანეთი და კანადა მოუწოდებენ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ შეთანხმებით მას დაკისრებული ვალდებულებები და თავისი ძალები კონფლიქტამდე პოზიციებზე გაიყვანოს;
? ბრიტანეთი და კანადა კიდევ ერთხელ ადასტურებენ მათ მხარდაჭერას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმართ და ფორმატის ყველა მხარეს მოუწოდებენ, ორმაგად ჩაერთონ პროცესში მშვიდობიანი დარეგულირებისათვის.
შეგახსენებთ, 8 ივლისს, ვენაში, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 30 ივნისს გაიმართა.