LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შევუნარჩუნოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა ბავშვებს პანდემიაში – ფსიქოლოგის რჩევები მშობლებს

206
1

“მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები არ წარმოადგენენ კოვიდპანდემიის სახეს, ეპიდემიის ფართო გავლენა მოზარდებზე, კატასტროფული და ყველაზე ხანგრძლივი შედეგების მომტანი შეიძლება იყოს მთელი საზოგადოებისთვის.” – ამის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის აპრილში, საკუთარ ანგარიშში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წერდა.

20 თვეზე მეტია, მსოფლიო პანდემიას ებრძვის და ებრძვის მასთან დაკავშირებულ უამრავ გამოწვევას.

გლობალური ვაქცინაციის იმედით, მაშინ, როდესაც ადამიანები იზოლირებული ცხოვრებისგან თავის დაღწევას და ჩვეულ რიტმში დაბრუნებას ცდილობენ, ვირუსის ახალი შტამები კვლავ უკან დაბრუნების მოლოდინს ქმნის. ეს კი გაცილებით მტკივნეულად სწორედ მოზარდებზე აისახება.

ვირუსით ინფიცირება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები, განათლებაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, დარღვეული ცხოვრების ჩვეული რიტმი, იზოლირება, მეგობრებთან ურთიერთობის შეზღუდვა, ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი, გაურკვევლობა, შფოთვა – რგოლებს ერთ მთლიან ჯაჭვთან – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან მივყავართ. 

 

 

ნაბიჯები ახალ რეალობაში ნორმალური ცხოვრების დასაწყებად

 

მაშინ, როდესაც უფროსებისგან განსხვავებით, მოზარდებს გაცილებით მეტი დრო სჭირდებათ გააანალიზონ, რა მოხდა სამყაროში და როგორ შეეგუონ ახალ რეალობას, უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მშობლების როლი, იმოქმედონ თანმიმდევრულად და შეუნარჩუნონ შვილებს ფსიქიკური ჯანმრთელობა.

რა შემიძლია გავაკეთო პანდემიის დროს შვილის ფსიქიკური კეთილდღეობის შესანარჩუნებლად? – ამ კითხვის საპასუხოდ,  გაეროს ბავშვთა ფონდი აქვეყნებს მშობლებისთვის ფსიქოლოგისა და ბავშვთა განვითარების ექსპერტის, დოქტორ ლიზა დამურის რეკომენდაციებს, რომლებიც მათ ახალი ცხოვრების მართვაში დაეხმარებათ.

მოქმედება დაიწყეთ საკუთარი ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებით – სწორედ ასეთია მთავარი რეკომენდაცია:

“მშობლების ნაწილი სვამს კითხვას, როგორ მიუდგეს ფსიქიკური ჯანმრთელობის თემას, თუ ის ოჯახში ტაბუდადებულია. პირველ რიგში, სწორედ ეს უნდა გააანალიზოთ, რომ ემოციების ფართო სპექტრი, არასასიამოვნო გრძნობების ჩათვლით, ადამიანად ყოფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. არ მოგერიდოთ და არ შეგრცხვეთ, თუ თქვენ განიცდით მწუხარებას, ბრაზს, იმედგაცრუებას, ან სხვა გრძნობას, რომელიც მტკივნეულია. ყველაზე კარგი, რაც ამ დროს შეგიძლიათ გააკეთოთ, საუბარია – საუბარი არასასიამოვნო ემოციებზე იმ ადამიანებთან, რომლებიც გვიყვარს. რეალურად, ჩვენ სწორედ ასე ვიცავთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას.” – ამბობს ფსიქოლოგი.

არაფერი იცავს ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას ისე, როგორც მათთან თბილი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა.

“ასე რომ, ყველაფერი – რასაც თქვენ აკეთებთ, რაშიც თქვენი პატარაც ჩაერთვება, სადაც თქვენს შვილთან ერთად გაერთობით, კარგია თქვენი ბავშვისთვის. ეს შეიძლება იყოს ბურთით თამაში, ხატვა, სადილის ერთად მომზადება.

სამუშაო და სასწავლო პროცესის ონლაინრეჟიმზე გადასვლა მეტ თავისუფალ დროს აჩენს, რაც გაძლევთ მეტი ურთიერთობის საშუალებას. ბავშვი გრძნობს, რომ ის უყვართ, დაცულია და მასთან ურთიერთობა მშობლისთვის უძვირფასესია.

დაუჭირეთ მხარი მის ნებისმიერ წამოწყებას და აგრძნობინეთ, რომ მისი გადაწყვეტილება თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ჰკითხეთ, რისი გაკეთება სურს და აგრძნობინეთ, რომ სრულფასოვანი ადამიანია.

ყოველდღე, ერთსა და იმავე დროს გამოყავით დრო, რომელსაც შვილებს დაუთმობთ და რომელსაც მოზარდი ინტერესით და სიხარულით დაელოდება.

 

 

შეეცადეთ, გამონახოთ ბალანსი სამუშაო გრაფიკსა და შვილთან ურთიერთობას შორის.

“მცირეწლოვანი ბავშვების აღზრდას დიდი დრო და ენერგია სჭირდება და პარალელურად შეიძლება რთული იყოს დატვირთული სამუშაოს შესრულება. ერთი რამ, რისი გაკეთებაც დაგეხმარებათ, არის დროის კონკრეტულ მონაკვეთში მხოლოდ ერთ საკითხზე კონცენტრირება. თუ შვილებთან კომუნიკაციის პარალელურად ცდილობთ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებას, გახსოვდეთ, იმედგაცრუებული დარჩებით თქვენც და თქვენი შვილებიც.

ეცადეთ, პატარებს დაკარგული მოტივაციის დაბრუნებაში დაეხმაროთ.

პანდემიის გამო გამკაცრებული რეგულაციებისა და იზოლაციის დროს, რთულია ბავშვებისთვის მოტივაციის შენარჩუნება. ისინი დაღლილები არიან. ამიტომ არ ინერვიულოთ, თუ მათ სასკოლო დავალებების ან უბრალოდ რამის გაკეთება არ სურთ. დაუჭირეთ მხარი და შესთავაზეთ თქვენთან ერთად შეასრულოს დავალება. გახადეთ სასწავლო პროცესი სასიამოვნო – მოძებნეთ თამაშის ფორმა, ან შეადგინეთ გეგმა, რომელსაც დავალებების შესრულების შემდეგ განახორციელებთ.

 

 

მარტოხელა მშობლები, რომლებსაც პრობლემებთან გამკლავება დამოუკიდებლად უწევთ.

ფსიქოლოგი გირჩევთ – შეინარჩუნოთ სიმშვიდე. გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ. თქვენი შვილის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მუშაობამ, შესაძლოა საკუთარი თავისთვის დრო აღარ დაგიტოვოთ. თქვენ მარტო არ ხართ – იმავე შიშს განიცდის მილიონობით მშობელი მსოფლიოში. იპოვეთ გამოსავალი, დაუკავშირდით მშობლებს, რომლებიც თქვენს მსგავსად, მარტო აღმოჩნდნენ ახალი პრობლემების წინაშე. ისაუბრეთ თქვენს განცდებზე მათთან ტელეფონით, ან შეიკრიბეთ უსაფრთხო სოციალურ მანძილზე. მათ იციან რას გრძნობთ, ამიტომ თქვენ ერთად შესანიშნავ კამპანიას ქმნით.

იყავით გულწრფელი და ესაუბრეთ ბავშვებს კოვიდპანდემიაზე.

პატარები თქვენ გენდობიან და ამ დროს უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. უთხარით, რომ ყველაფერი გაივლის. მარტივად და გულწრფელად უპასუხეთ შეკითხვებს პანდემიის შესახებ. უთხარით, რომ ადამიანები ავადდებიან და აქვე შეახსენეთ, რომ უსაფრთხოების ზომების დაცვა, როგორიცაა ხელის დაბანა, ნიღბის ტარება და სახლში უფრო დიდხანს დარჩენა, თქვენს ოჯახს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ინფორმაციის დამალვით პატარებს ვერ დაეხმარებით. ისინი დაბნეულები არიან და აინტერესეთ, როდის შეძლებენ, დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას. აგრძნობინეთ, რომ კარგად ხვდებით, თუ რას გრძნობენ ისინი: “ვიცი, რომ წუხხარ, რადგან ახლა შენს მეგობრებთან ერთად თამაში და ძილი არ შეგიძლია, მალე ისევ კომფორტულად იგრძნობ თავს”.

გამოხატეთ ემოციური მხარდაჭერა იმ ბავშვების მიმართ, რომლებმაც პანდემიის დროს მშობელი დაკარგეს.

ბავშვები, რომლებიც მშობლებს გლოვობენ, ძალიან მარტოდ გრძნობენ თავს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათთვის ყველაზე სასარგებლო იქნება, ყურადღება სხვა მოვლენებზე გადავატანინოთ და ვცადოთ, აქცენტი გააკეთონ აქ და ახლა, მაგრამ, მათ ყველაზე მეტად ვეხმარებით მაშინ, როდესაც მშობლებზე ვსაუბრობთ.

რისი გაკეთება მოსწონდათ მათ მშობლებს, როგორები იყვნენ, რას გრძნობდნენ ბავშვები მათ მიმართ, როგორ ატარებდნენ დროს ერთად – როდესაც მათში მშობლებზე მოგონებებს ვაცოცხლებთ, ვეხმარებით ბავშვებს – დაივიწყონ მარტოობის შეგრძნება და მწუხარება.

ამიტომ, საშუალება მიეცით ბავშვს თავისუფლად დაგელაპარაკოთ, მიეცით საშუალება, ემოციები გაგიზიაროთ და აგრძნობინეთ, რომ მზად ხართ დაეხმაროთ.” – ურჩევს მშობლებს ფსიქოლოგი, ბავშვთა განვითარების ექსპერტი ლიზა დამური.