LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ცენტრალური მაგისტრალი აქვთ გადაკეტილი

38

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალური მაგისტრალის ორივე მონაკვეთი გადაკეტილი აქვთ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები. გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლობლების განცხადებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლებამ და შესაბამისმა პასუხისმგებელმა ორგანოებმა არ გამოიჩინეს სათანადო ყურადღება, რის გამოც ამ ფორმით მოითხოვენ დაიწყოს საქმეზე ეფექტური მუშაობა და გარდაცვლილი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენონ.
არჩილ ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ„ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს.

გარდაცვლილის მამასთან ცოტა ხნის წინ სამართალდამცველები მივიდნენ და სთხოვეს ჩამჯდარიყო მისთვის განკუთავნილ ავტომობილში, რათა პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს.

ადგილზე კვლავ იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, მას მედიასთან დამატებითი კომენტარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

აქციის მონაწილეები კვლავინდებურად რჩებიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ცენტრალურ მაგისტრალზე და აცხადებენ, სანამ კონკრეტული გეგმა არ გახდება ცნობილი, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს ხელისუფლება გარდაცვლილის ცხედრის გადმოსაცემად, ისინი გზის სავალ ნაწილს არ გაათავისუფლებენ და პერმანენტულ აქციებს გამართავენ, მათ შორის დედაქალაქში.