აჭარაში გომარდულის განვითარების მასშტაბური პროექტი დაიწყო. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადდა სპორტული ტურიზმის განვითარების კვლევა აჭარაში, რომელიც გომარდულის განვითარებას მოიცავს. წელს იწყება ინფრასტრუქტურის მოწყობა. ფაქტობრივად, ყველა კომერციული საქმიანობა გომარდულში გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.
„წლების განმავლობაში ჩვენ, ყველას გვაწუხებდა გომარდულის განვითარება. თუმცა, წელს უკვე, ბიუჯეტში გათვალისწინებულია შესაბამისი რესურსი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ გომარდულმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე. ეს არის კონკრეტული პროექტი. პირველ ეტაპზე, მოეწყობა საბაგირო და შემდეგ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ჩვენ იქ გვჭირდება”,- განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
აღსანიშნავია, რომ შუახევის მუნიციპალიტეტში, სოფელი გომარდული მდინარეების აჭარისწყლისა და ვანისწყლის წყალგამყოფის ჩრდილოეთ კალთაზე, შუახევის მახლობლად მდებარეობს. ზღვის დონიდან 1150 მეტრზე. 74 კილომეტრის დაშორებით ბათუმიდან. კურორტზე პირველი თოვლი ნოემბერში მოდის. თოვლის სიმაღლე ხშირად 2–3 მეტრამდე აღწევს. თოვლში სრიალის მოყვარულთათვის 250 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასაა გაკეთებული. ასევე დამსვენებელს ეძლევა შესაძლებლობა სათხილამურო აღჭურვილობის ქირაობის. სოფელში ძირითადად მცირე ზომის ხის სახლებია. კურორტი დამსვენებელს სთავაზობს საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და კოტეჯებში დაბინავებას. ადგილობრივები სტუმრებს ცნობილი აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, როგორებიცაა: ბორანო და კაიმაღი.