LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყო, პროცესს ოპოზიციის ნაწილი ბოიკოტს უცხადებს

54
1

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო.

კომიტეტის წევრები დღეში ორ კანდიდატს გაესაუბრებიან. ამ ეტაპზე, შეკითხვებს მოსამართლეობის კანდიდატი გოჩა აბუსერიძე პასუხობს. მორიგი კანდიდატი გიორგი გოგიაშვილია, რომელთან გასაუბრებაც 16:00 საათზე დაიწყება.

გასაუბრების პროცესს უმრავლესობის დეპუტატები, არასამთავრობო ორგანიზაციის, ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული სამსახურისა და სამეცნიერო წრის წარმომადგენლები ესწრებიან. პროცესს ონიტორინგს უწევს ეუთო/ოდირი.

კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ გასაუბრების პროცესში ყველა ოპოზიციურ ფრაქციას, პოლიტიკურ ჯგუფს და უფრაქციო დეპუტატებს მიეცემა დრო, იმისათვის რომ კითხვები დასვას.

ამის მიუხედავად კი, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი პროცესს ბოიკოტს უცხადებს და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში არ ერთვება. 

?  მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას ესწრებიან პარტიები: “მოქალაქეები”, “სოციალ-დემოკრატები” და “საქართველოსთვის”.

?  პროცესში მონაწილეობაზე პროტესტის ნიშნად უარი თქვეს ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრებმა და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლებმა.

 

რატომ არ ერთვება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესში ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის”

 

“მმართველი პარტიის გადაწყვეტილება, არ შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი, წარმოადგენს სასამართლო სისტემაში საჭირო ცვლილებებისა და რეფორმებისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს. ამით მმართველი პარტია არღვევს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით მიღწეულ 19 აპრილის შეთანხმებას.” – ამის შესახებ ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მმაფრთველი გუნდი შეთანხმების დარღვევით იწყებს პროცესს, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისია ხმათა უბრალო უმრავლესობა, რომელიც ასევე მმართველი პარტიის ხელშია:

“19 აპრილის შეთანხმების საპირისპიროდ, ხელისუფლება აჭიანურებს სასამართლო რეფორმის დაწყებას; აპირებს, გადაავადოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა, რომელსაც არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის ხმებიც სჭირდება; არ აჩერებს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების განხილვის პროცესს, რომელთა არჩევისთვისაც საკმარისია მხოლოდ მმართველი პარტიის ხმები.

ყველა ეს პუნქტი შეთანხმებაში ნათლად არის გაწერილი, მათ შორის შეთანხმებაში პირდაპირ წერია: უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა. მმართველი პარტიის ეს ნაბიჯები აჩვენებს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ სურს, დაიძრას ის პროცესები, სადაც ოპოზიციის ჩართულობა სავალდებულოა და გავლენას მოახდენს შედეგზე. ამის საპირისპიროდ, შეთანხმების დარღვევით იწყებენ პროცესს, სადაც გადაწყვეტილების მისაღებად სრულიად საკმარისია ხმათა უბრალო უმრავლესობა, რომელიც მმართველი პარტიის ხელშია.

მმართველი პარტია გვთავაზობს, ჩავერთოთ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრების პროცესში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის პროცესში ჩართვის და გამჭვირვალობის მნიშვნელობა, თუმცა მიგვაჩნია, რომ პროცესების გამჭვირვალობას მაშინ აქვს რეალური ღირებულება, როდესაც ის უზრუნველყოფს უკეთეს შედეგს და არა მაშინ, როდესაც ხდება გამჭვირვალობის ინსტრუმენტად გადაქცევა არასწორი მიზნის მიღწევის პროცესში.” – თქვა ნაცვლიშვილმა.

პარტიის წევრების თქმით, უნდა შეიქმნას სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევების შემსწავლელი კომისია ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, რომლის მიგნებები და დასკვნებიც დაეხმარება პარლამენტს, განახორციელოს რეფორმები.

 

“სტრატეგია აღმაშენებელი” მიიჩნევს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება 

 

“სტრატეგია აღმაშენებელი” თვლის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არსებული პრინციპით დანიშვნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის დოკუმენტს, რაშიც მონაწილეობას ვერ მივიღებთ.” – ამის შესახებ ოფიციალურ განცხადება პარტიის პრესსამსახურმა 5 ივლისს გაავრცელა.

ოპოზიციური პარტია მმართველ გუნდს მოუწოდებს, შეასრულოს მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება, შეაჩეროს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი და შეიქმნას სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი:

“მოვუწოდებთ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას:

1. შეასრულოს სასამართლო რეფორმასთან და მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულება;

2. შეაჩეროს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების განხილვის პროცესი;

3. იურიდიული კომიტეტის ფორმატში შეიქმნას სასამართლო რეფორმების სამუშაო ჯგუფი და ამ ფორმატში მომზადებული და განხორციელებული სასამართლო რეფორმების შემდეგ დაიწყოს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი.” – აღნიშნულია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიმართვაში.

 

მოსამართლეთა შერჩევის პროცესს ფარსს უწოდებენ და მასში მონაწილეობაზე უარს ამბობენ “ნაციონალურ მოძრაობაშიც”

 

“მოსამართლეთა შერჩევის პროცესი არის ფარსი, რომელიც კონკრეტულ შედეგს ვერ გამოიწვევს – ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ,” – აცხადხებს “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავა ალტერნატიულ სცენარზე საუბრობს – მისი თქმით, პარტიაში ფიქრობენ, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და სამოქალაქო სექტორთან ერთად განახორციელებენ ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას:

“ამდენი ხნის მანძილზე ვხედავდით მოწოდებებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი საერთოდ უნდა გაჩერდეს, ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს პროცესი, რომელიც მაინც “კლანის” წევრებს გაამწესებს უვადოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად.

ამიტომ ამ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. ვთვლით, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება და შემდეგ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან ერთად განვახორციელებთ რეალურად, ფუნდამენტურ სასამართლო რეფორმას, რომელიც კეთილსინდისიერ და დამოუკიდებელ მოსამართლეებს მოგვცემს და არა “კლანის” წევრებს, რომელთა კანდიდატურის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ახლა ხდება.” – აღნიშნავს ბოკუჩავა.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს 9 კანდიდატი წარუდგინა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილნი არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, ქეთევან მესხიშვილი, გიორგი შავლიაშვილი, რევაზ ნადარაია, ბიძინა სტურუა, ეკა ზარნაძე და ლაშა ქოჩიაშვილი.