„ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ,“ – ამის შესახებ განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ავრცელებს, რითაც თბილისში მიმდინარე Tbilisi pride-ის კვირეულს ეხმაურება.
შესაბამისად, მოძრაობა, როგორც ამას თავად ამბობს, „პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, „როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას“ ემიჯნება.
თავიანთ განცხადებაში საინიციატივო ჯგუფი წერს, რომ მოძრაობა მთავარ მონაპოვრად, იმ დიდ სამოქალაქო ერთობას მიიჩნევს, რისი მიღწევაც ნამოხვანის თემის გარშემო მოხერხდა.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, მოძრაობა შეგნებულად ცდილობს – არ გააფართოოს მათი განცხადებების არეალი, რათა ყველაფერს არ მიედ-მოედონ და ისედაც ძალიან დანაწევრებული საზოგადოებრივი აზრის კიდევ უფრო მეტად დანაწევრება გამოიწვიონ. ამასთან, საზოგადოებასთან ერთად, ვერ შეძლონ კონკრეტული, მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა.
„პირველად, თითქმის 250-დღიანი პროტესტის მანძილზე, აუცილებლად ჩავთვალეთ, მკაფიოდ გამოვხატოთ პოზიცია „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორების მიერ დაგეგმილ კვირეულთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვთვლით, რომ „პრაიდი“ დიდ დარტყმას აყენებს იმ ეროვნულ ერთობას, რომელსაც ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ასე ვუფრთხილდებოდით.
არ ვართ ისეთი გულუბრყვილოები, ვერ ვხედავდეთ, რომ ხდება ეროვნული ერთიანობის იდეის აშკარა დისკრედიტაცია და ეს არ არის ცალმხრივი, შემთხვევითი, ან ერთდღიანი პროცესი. ლგბტქ+ თემა გახდა პოლიტიკური შანტაჟის საფუძველი და ჩვენ ვთვლით, რომ ნამოხვანის პროტესტიც არის ამ პოლიტიკური შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე,“ – ნათქვამია მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ განცხადებაში.
საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, შეუძლებელია, ვერ დაინახო, რომ ლგბტქ+ თემის უფლებების დაცვის სახელით, ერთის მხრივ, „პრაიდის“ ორგანიზატორთა მცირე ჯგუფი, აგრეთვე, ხელისუფლება და ოპოზიციური ძალების მთელი სპექტრი, წარმოჩინდებიან, როგორც პოლიტიკურ დივიდენდებს მოწადინებული და მათთვის ძნელად მიღწევადი სამოქალაქო ერთობის მოწინააღმდეგე ძალა, რომელიც არაფრად აგდებს ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანს – რელიგიურ გრძნობებსა და ცხოვრების წესს.
„ასევე, უგულებელყოფენ ისინი განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ სოციალურ ადაპტაციას საზოგადოებაში, სჭირდებათ სამსახური, მშვიდი ცხოვრება და თვითრეალიზაცია. ასეთი „პრაიდი“ და მსგავსი აქტივობები კი, ხელოვნურად ზრდის აგრესიას მათ მიმართ და ბევრად დაუცველი ხდება მათი პირადი სივრცე,“ – აღნიშნულია განცხადების ტექსტში.
„რიონის ხეობის მცველების“ განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქართული საზოგადოება მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების მიმართ გარკვეულ ინდიფერენტულობას იჩენს, მიდრეკილია, პერსონებისგან კერპები შექმნას და პასუხისმგებლობას თავი ასე აარიდოს.
მათივე აზრით, ამით სარგებლობენ ცალკეული პოლიტიკური ფიგურები თუ ჯგუფები – კონკრეტული პრობლემებიდან ვექტორი გადააქვთ სხვა მიმართულებით და გვრჩება გადაუჭრელი საკითხების მთელი წყება, მორიგი იმედგაცრუება და გვემატება საბაბი ეროვნული ნიჰილიზმის გასაღრმავებლად.
„ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ამ ქვეყნის მართლმადიდებელ უმრავლესობას მიეკუთვნება და რელიგიური თვალსაზრისით, ჩვენს შეხედულებებს აბსოლუტურად განაპირობებს ქრისტიანული სწავლება.
ჩვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის იდეა გარდა იმისა, რომ ერთმნიშვნელოვნად არის არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა, ეწინააღმდეგება საზოგადოებრივ აზრს, გამოხატავს მხოლოდ გარკვეული ჯგუფის ვიწრო ინტერესებს და მიმართულია სამოქალაქო ერთობის წინააღმდეგ.
ამდენად, საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ცალსახად ემიჯნება „თბილისი პრაიდის“ კვირეულსა და მსგავს აქტივობებს, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას”. – ნათქვამია განცხადებაში.