შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის ინფორმაციით, კორონავირუსი კიდევ 30-მდე აბიტურიენტს დაუდასტურდა. აღნიშნული განცხადება გორგოძემ რუსთავის N22-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში ყოფნისას გააკეთა.
მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული აბიტურიენტებისთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.
„ყველა ცენტრში ერთდროულად დაიწყო რეგისტრაცია და ამ ეტაპზე მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ინფიცირებულთა რაოდენობას, დღეს უნდა გამოცხადებულიყო 30-მდე აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბიტურიენტები ვერ გამოცხადდნენ, შევახსენებ მათ, რომ მათთვის დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება. გუშინ, რეგისტრირებული აბიტურიენტების 94% გამოცხადდა გამოცდაზე, გვქონდა დაგვიანების 6 შემთხვევა და გამოცდიდან მოხსნის ფაქტი საბედნიეროდ, გუშინ არ გვქონია“, – განაცხადა გორგოძემ.