თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა. ბაღში სასწავლო პროცესი დროებით შეწყდა და სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის თქმით, წელს ჩუტყვავილა „ჩვეულებრივთან შედარებით მოდებულია, თუმცა უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ეს დაავადება შეიძლება ფატალურად დასრულდეს“.
“წითელას შემთხვევაში ეპიდაფეთქება გვაქვს ახლა აჭარაში, დანარჩენ საქართველოშიც იმატებს შემთხვევები. წითელას მართვა შესაძლებელია – თუ ავიცრებით, წითელას თავიდან ავიცილებთ. სამწუხაროდ, ჩუტყვავილა უმართავი ინფექციაა, მაგრამ აბსოლუტურ უმრავლესობაში იგი ყოველგვარი გართულების გარეშე მიდის ხოლმე. უკიდურესად იშვიათად შეიძლება მძიმე მიმდინარეობა იყოს, განსაკუთრებით თუ რაიმე ჯანმრთელობის თანმხლები პრობლემებია. უკიდურესი იშვიათობაა, როდესაც ჩუტყვავილამ შეიძლება ფატალურ შედეგებამდე მიგვიყვანოს“, – განუცხადა პაატა იმნაძემ „ინტერპრესნიუსს“.
მისივე ინფორმაციით, საქართველოში ჩვეულებრივ ყოველწლიურად ჩუტყვავილას 8-10 ათასი შემთხვევა ფიქსირდება.