საკონსულტაციო ცენტრი PMCG-ი იანვარში საქართველოს სასტუმროების ფასების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
”2018 წლის იანვრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 124 ლარი შეადგინა. ამ ტიპის სასტუმროებში ყველაზე მაღალი დღიური განაკვეთი, 2017 წლის დეკემბრის მსგავსად, დაფიქსირდა მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, საშუალოზე შესაბამისად 53% და 33%-ით მაღალი. აღნიშნულ მაჩვენებლებს უმეტესწილად განაპირობებს ბაკურიანისა და გუდაურის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების მაღალი ფასები. ასევე, საშუალოზე მაღალი ფასი ფიქსირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა იანვარში 223 ლარი შეადგინა. საშუალოდ ყველაზე ძვირი 4-ვარსკვლავიანი სასტუმროები მცხეთა-მთიანეთის რეგიონშია (315 ლარი). ასევე, აღნიშნული ტიპის საშუალოზე მაღალი ფასის მქონე განთავსების საშუალებები გვხვდება კახეთში, სამცხე-ჯავახეთში და თბილისში.
5-ვარსკვლავიანი სასტუმროები თბილისის გარდა სამ რეგიონში ფუნქციონირებს (აჭარა, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი). 5 ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო დღიურმა განაკვეთმა 2018 წლის იანვარის თვეში 373 ლარი შეადგინა. დეკემბრის მსგავსად, იანვარში აღნიშნული ტიპის სასტუმროების ფასებში თბილისსა და რეგიონებს შორის დიდი სხვაობა დაფიქსირდა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2 ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 649 ლარი შეადგინა, კახეთში – 297 ლარი, აჭარაში – 216 ლარი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 407ლარი.
საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებს. იანვარში საშუალო ფასი ამ ტიპის სასტუმროებში 74 ლარს შეადგენს. ყველაზე მაღალი ფასი საოჯახო ტიპის სასტუმროებში ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ფიქსირდება”, – ნათქვამია PMCG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.