LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ

73
1

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი, ლიეტუვის პირველი დიპლომატი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვივნენ.

ინფორმაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.

ოძისის რიონში ვიზიტის დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ეზღუდება გადაადგილებისა თავისუფლება და სხვა უფლებები. მან ასევე ისაუბრა „ბორდერიზაციის“ პროცესზე, მავთულხლართებისა და სათვალთვალო პუნქტების განთავსებაზე.

ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ COVID-19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა არსებული გამოწვევები.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონახულების შესაძლებლობისთვის. პირველი დიპლომატების განცხადებით, მათ საშუალება მიეცათ არსებული ვითარებისა და გამოწვევების შესახებ უშუალოდ პირველი პირებისგან მოესმინათ. საგარეო საქმეთა მინისტრებმა სადამკვირვებლო მისიის როლი დადებითად შეაფასეს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაზრდაში.

ცნობისთვის, ავსტრიის, რუმინეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს გუშინ ეწვივნენ. ვიზიტი სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში უფრო ფართო ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლესი წარმომადგენლის და ევროპული კომისიის უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ვიცე პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის დავალებით განხორციელდა.