ჩვენი მიზანია, რომ მცირე მეწარმეებისთვის ახალი საგადასახადო ინიციტივა ძალაში მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან შევიდეს, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობამ, კერძოდ, ფინანსთა სამინისტრომ რეფორმების ახალი ტალღის ფარგლებში შეიმუშავა საგადასახადო ინიციატივა, რომელიც განკუთვნილია საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობისთვის და ის აყალიბებს სრულიად უპრეცენდენტო შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს ქართველი მეწარმეებისთვის. მისივე თქმით, აღნიშნული რეფორმა სრულად მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ.
ბახტაძის განცხადებით, ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება დაახლოებით,120 000 მეწარმე ფიზიკურ პირს (მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100%-ს).
“პირველი – ჩვენი ინიციატივის ფარგლებში მცირე მეწარმის სტატუსს მიიღებს ყველა ადამიანი, რომლის შემოსავალი არ აღემატება ნახევარ მილიონ ლარს. დღეს ეს ზღვარი არის 100 000 ლარი და ჩვენ 5-ჯერ ვზრდით მას. მეორე – ჩვენ 5-ჯერ ვამცირებთ გადასახადებს ჩვენი მეწარმეებისთვის და დღეს არსებული 5%-იანი ზღვრიდან ჩამოვდივართ 1%-იან ნიშნულზე. მესამე – ეს გახლავთ ჩვენი პრიორიტეტი, რომ ქართველი მეწარმეები რაც შეიძლება ნაკლებ დროს უთმობდნენ საგადასახადო ორგანოებთან კომუნიკაციას და მთლიანად ფოკუსირებულები იყვნენ თავიანთ ძირითად საქმიანობაზე, შესაბამისად, ეს საგადასახადო ინიციატივა გულისხმობს იმას, რომ გაუქმდება დამატებითი ბუღალტერიის წარმოების ვალდებულება და მცირე მეწარმეებს ექნებათ ვალდებულება სასაქონლო ჟურნალის პარალელურად აწარმოონ მხოლოდ სასაქონლო ზედნადების ოპერაციები და სალარო აპარატი. მეოთხე – დღეს არსებული პრაქტიკა გულისხმობს გადასახადების წინასწარ გადახდას ე.წ. საავანსო რეჟიმში, აღნიშნული პრაქტიკაც გაუქმდება და მცირე მეწარმეები 1%-იან ბრუნვის გადასახადს თვის ბოლოს გადაიხდიან. მეხუთე – მცირე მეწარმეები, რომლებიც მცირე მეწარმის სტატუსის პარალელურად ჩათვლიან საჭიროდ დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად, ისინი სტანდრატულ რეჟიმში შეძლებენ დღგ-ს ჩათვლას ან დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნებას ცენტრალური ბიუჯეტიდან 5-დან 7 დღემდე ვადაში”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისივე თქმით, აღნიშნული ინივიტივა უახლოეს დღეებში გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მათი მიზანია, რომ აღნიშნული ინიციატივა ძალაში შევიდეს მიმდინარე წლის 1-ელი ივლისიდან.