ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და კონტრაქტორი კომპანიის Georgian Wine Promotion House ორგანიზებით, პეკინში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.
ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარზე, ჩინეთში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აღნიშნული ღონისძიება ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მას ღვინის პროფესიონალები, დიპლომატები, ღვინით ვაჭრობის სფეროს, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
დეგუსტაციის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის 34 სხვადასხვა ღვინო დაეგემოვნებინათ. ღვინის ნიმუშები ჩინეთის 15 სხვადასხვა ქალაქში წარმოდგენილი ქართული ღვინის იმპორტიორების მიერ შეირჩა. დეგუსტაციაზე წარმოდგენელმა ქვევრის ღვინოებმა სტუმრების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.