საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველს უსმენენ. ნინო ლომჯარია 2020 წლის წლიურ ანგარიშს წარადგენს და საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობაზე საუბრობს.
ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ქვეყანაში პატიმრების უფლებრივ მდგომარეობასა და გარდაცვლილი პატიმრების საქმეს.
წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, შეისწავლეს 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე, ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებთ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ.
როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, გამოძიება კონცენტრირებული და დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება:
“წლის განმავლობაში შემოვიდა მოქალაქეთა 5 698 განცხადება და ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 8 270 ზარი. ჩვენ წლის განმავლობაში გავეცით 107 რეკომენდაცია და წინადადება, 11 სასამართლო მეგობრის მოსაზრება, გავაგზავნეთ 6 კონსტიტუციური სარჩელი, 6 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წინაშე საქართველოს გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების თაობაზე, ასევე მივმართეთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორჯერ და ჩავერთედ მხარედ მიმდინარე საკითხებში.
ასევე, წლის განმავლობაში განვახორციელეთ 537 ვიზიტი დახურული ტიპის დაწესებულებებში და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში და შესაბამისად, ამ და პროაქტიულად გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე წარმოგიდგენთ დასკვნებს. ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დახურული ტიპის დაწესებულებებში მყოფი პირების უფლებრივ მდგომარეობაზე.
კერძოდ, შევისწავლეთ 2015-2018 წლებში გარდაცვლილი პატიმრების 17 საქმე და ამ საქმის მასალების გაცნობის შედეგად დავადგინეთ, რომ გარდაცვალების შემდგომ ჩატარებული ექსპერტიზების თანახმად, პატიმრებს აღენიშნებოდათ სიცოცხლეში ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემები, რაზეც სათანადო მკურნალობა პენიტენციურ დაწესებულებაში მათ არ გაეწიათ. სამწუხაროდ, გამოძიება კონცენტრირებული და დაინტერესებული იყო, მხოლოდ გარდაცვალების უშუალო მიზეზებით და არ სვამდა კითხვებს, რატომ არ უტარდებოდათ მათ სიცოცხლეში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, რამაც მათი გარდაცვალება გამოიწვია. აღნიშნული მიუთითებს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში გარდაცვალებას და შესაბამისად, მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს”. – აღნიშნულია ანგარიშში.
სახალხო დამცველის განცხადებით, სპეციალური მონიტორინგის საფუძველზე ჩატარებული მონიტორინგით გამოვლინდა, რომ 2020 წელს, წინა წლების მსგავსად, შენარჩუნებულია ადმინისტრაციული დაკავებისას პოლიციის მხრიდან მოქალაქეთა მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია.
“გაზრდილია პოლიციელების მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტები ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირთა მიმართ. მაგალითად, ჩვენ მიერ შესწავლილი საქმების 483 საეჭვო შემთხვევიდან 34%-ში დაფიქსირდა დაკავების ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების ფაქტები.” – თქვა ლომჯარიამ.