„ტრაიბეკას“ კინოფესტივალის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ლევან კოღუაშვილის ფილმმა „მეოთხე ბრაიტონი“ ნიუ იორკში, „ტრაიბეკას“ საერთაშორისი კინოფესტივალზე სამი ჯილდო მოიპოვა.
ფილმმა მიიღო ჯილდო საუკეთესო ფილმის ნომინაციაში, ასევე საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში გაიმარჯვა – ლევან თედიაშვილმა. ფილმი ასევე დაჯილდოვდა საუკეთესო სცენარისთვის. ამის შესახებ ლევან კოღუაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
მისივე თქმით, „მეოთხე ბრაიტონი“ ბოლო კინოროლი იყო კახი კავსაძისთვის.
„ცხადია, კახი განსაკუთრებული ფენომენია, განსაკუთრებული მოვლენაა ჩემთვის და ის ფაქტი, რომ ბატონმა კახიმ ბოლო როლი ჩვენთან ითამაშა, კიდევ ერთი პასუხისმგებლობაა ალბათ. მგონია, რომ ძალიან საინტერესო და თავის სტილში შექმნილი როლია, რომელიც თან ექსცენტრიულია, თან რეალისტური, თან ძალიან მსახიობური, თან ძალიან ადამიანური, როგორც მხოლოდ მას შეეძლო და ალბათ ამით იყო გამორჩეული, უნიკალური მსახიობი ქართულ კინოსივრცეში და არამარტო.
ფილმი მამა-შვილის ურთიერთობაზეა, თან კახიმ და მისმა შვილმა, ირაკლიმ ერთად ითამაშეს. ჩემთვის განსაკუთრებული ამბავია ეს ფილმი, მამა-შვილის ურთიერთობა ჩემი პირადი ტრაგედიიდან გამომდინარე, რადგან მამა დავკარგე „კოვიდის“ პერიოდში და ბევრი ფაქტორია, რაც გაერთიანდა ამაში. კახი რომ არის, სხვა ელფერი აქვს ამას და სხვა სიხარული“. – განაცხადა ლევან კოღუაშვილმა “პირველ არხთან”.
ფილმი, რომელიც მამა-შვილის რთულ და სენტიმენტალურ ურთიერთობას ასახავს, ოთხი ქვეყნის ერთობლივი ნამუშევარია.
ფილმის აღმასრულებელი პროდიუსერები არიან არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე.