ვატიკანში, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პირველად მოეწერა ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნის მომავალი განვითარებისათვის განათლება და კულტურა ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული მიმართულებებია.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ და გავაღრმავოთ ჩვენი ქვეყნის ღრმა ტრადიციები და ქრისტიანული ღირებულებები, რომელთა განვითარებაც ძალიან ფასეულია.
„ერთ-ერთი ასეთი ტრადიციული ღირებულება ტოლერანტობა და შემწყნარებლობაა, რომელიც საქართველოს ისტორიულად მოჰყვება. საქართველოში მიღებულია ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი. საქართველო კულტურათშორისი დიალოგის ერთ-ერთი ცენტრია და ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ. დღეს ამ გზაზე და ამ მიმართულებებით თქვენთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრისას რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა, მათ შორის, საქართველო – ვატიკანის მუდმივმოქმედი სამეცნიერო საბჭოს შექმნის შესახებ, რომელიც ძველი ქართული ქრისტიანული ლიტერატურის თარგმანს განახორციელებს.
კულტურისა და განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებს ხელი ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა, კარდინალ ჯუზეპე ვერსალდიმ და ვატიკანის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს პრეზიდენტმა, კარდინალ ჯანფრანკო რავაზიმ შეხვედრების შემდეგ მოაწერეს.
ქართული მხრიდან კი, მემორანდუმს ხელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა სიხარულიძემ მოაწერეს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ნუნუ მიცკევიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პირველად ხდება სახელმწიფოთა შორის შეთანხმების გაფორმება, განათლების და კულტურის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის მკვლევარებს, მეცნიერებსა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს უფრო აქტიური თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.
„ეს მემორანდუმი საშუალებას გვაძლევს შემდგომი, კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ საქართველოს ხელნაწერთა ინსტიტუტისა და ვატიკანის არქივების კიდევ უფრო დაახლოების კუთხით. ჩარჩო მემორანდუმი საშუალებას მოგვცემს, რომ ქართველი მკვლევარებისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ვატიკანის არქივები და ის მასალა, რაც ამ წლების განმავლობაში დაცული და გამოუქვეყნებელი იყო, საჯარო გახდება და უკვე გარკვეული კვლევითი მტკიცებულებები იქნება“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის კახა სიხარულიძის განცხადებით, ხელმოწერილი მემორანდუმი ძალაში უკვე უკვე დღეიდან შევიდა და ის საშუალებას მოგვცემს, ვატიკანთან კულტურის სფეროში ჩვენი თანამშრომლობა განვავითაროთ.
„მემორანდუმი მნშვნელოვანია და ის კულტურის თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა კახა სიხარულიძემ.
ვატიკანის მხრიდან არის მზაობა, რომ საქართველოც ჩაერთოს გლობალურ მოწოდებაში Global Compact on Education, რომელიც მოიცავს ხალხთა შორის ურთიერთობებსა და მომავალი თაობების აღზრდისთვის უმნიშვნელოვანეს განათლების, მეცნიერების, ინოვაციების, ტექნოლოგიების სფეროებში თანამშრომლობას.